Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ჩუგოშვილი: „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ცალსახაა


თამარ ჩუგოშვილი
თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ცალსახაა და არ ტოვებს არავითარ სივრცეს ინტერპრეტაციისთვის.

„გაოგნებული ვარ იმ შეფასებებით რასაც ვისმენ. ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის მიერ გაჟღერებული პოზიციის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განპირობებულია ვლადიმერ პუტინის ევროპულ სტრუქტურებში გავლენით ან კორუფციით. ასევე სრულიად გამაოგნებელია, ზოგიერთი პასუხისმგებლიან პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე პირის საჯარო მოწოდება რომ სახელმწიფომ არ აღასრულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება“ - წერს ფეისბუქზე თამარ ჩუგოშვილი.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განმარტებით, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან შესრულებისათვის ხელის შეშლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით.“

ჩუგოშვილის განცხადებითვე, „სრულიად გაუგებარია, რა პოლიტიკურმა კონიუნქტურამ უნდა გაიძულოს პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი, საჯარო მოხელე წააქეზო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაზე. მითუმეტეს, იმ პირობებში როდესაც საქმე ეხება ქართული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლის აღსრულებაზე დაწესებული შეზღუდვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო გააუქმა და ეს გაუქმება არ საჩივრდება.“

თამარ ჩუგოშვილი ასევე, წერს, რომ „სამწუხაროდ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმემ საინფორმაციო სივრცეში დაჩრდილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული 2 უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, (ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ). აღნიშნულ საქმეებში საქართველო დამარცხდა წინა ხელისუფლების ძალადობრივი და კრიმინალური ქმედებების გამოისობით.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG