Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“ ახალი ხელმძღვანელი: უნდა გავიგოთ, რა გადაიბარა ამ კომპანიის სახით ქიბარ ხალვაშმა


მე არ ჩავერევი „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკაში, ვაპირებ შევისწავლო არხის სამართლებრივი და ფინანსური მდგომარეობა, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტზე ქიბარ ხალვაშის მიერ 18 ივლისს დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ტელეკომპანიაში მისვლისას. სალია „რუსთავი 2“-ში 20:00 საათისთვის მივიდა.

„სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშმაც გააკეთა განცხადება, რომ ის არ აპირებს ჩაერიოს... სრული დამოუკიდებლობა და თავისუფლება გექნებათ. მე ამ მიმართულებით კონკრეტული ამოცანა მაქვს განსაზღვრული, რომ ამ მიმართულებით არ უნდა ჩავერიო, არ უნდა შევეხო საერთოდ ამ სფეროს. ჩემი სფეროა, რომ შევისწავლო სამართლებრივი მდგომარეობა, შევისწავლო ფინანსური მდგომარეობა... რა თქმა უნდა, მე მარტო არა, ამას სჭირდება სპეციალისტები, მოწვეული, მაქსიმალური გამჭვირვალობით. ვეცდებით, რომ შევისწავლოთ, გავიგოთ, რა გადაიბარა ამ კომპანიის სახით ქიბარ ხალვაშმა, რომ შემდგომი შეუფერხებელი განვითარების გეგმა განვსაზღვროთ“, - განაცხადა პაატა სალიამ.

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპებით მოხდა გადაწყვეტილებების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. თავდაპირველად მოხდა „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება. შემდეგ კი, მისი გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე ნიკა გვარამია ადვოკატმა პაატა სალიამ ჩაანაცვლა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს დატოვებს მხოლოდ ნიკა გვარამია და გენერალურ დირექტორად დაინიშნება მისი ადვოკატი პაატა სალია.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG