Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკი თავისუფალია


„იულია სუსლიაკი თავისუფალია, ის ამჟამად კონსპირაციულ ბინაში იმყოფება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.

ტრეფინკინგის ბრალდებით დაკავებული ქალი დაახლოებით ერთი საათის წინ გათავისუფლდა. ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ პროკურატურამ, ვერ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები:

„სწორედ ამის გამო, თავი რომ არ შეერცხვინა, პროკურატურამ მოიფიქრა ასეთი ხრიკი - მან განაცხადა, რომ ამ საქმის გამოძიება საქართველოში შეუძლებელია და საქმე უკრაინელმა სამართალდამცველებმა უნდა გამოიძიონ. ამიტომ მოიფიქრეს, რომ გააუქმონ აღკვეთის ღონისძიება, ჩასვან თვითმფრინავში და უკრაინაში გააგზავნონ“, - უთხრა ზურაბ თოდუამ რადიო თავისუფლებას.

იულია სუსლიაკის ადვოკატი ამბობს, რომ 18 ივლისს პროკურორი და გამომძიებელი მისგან მოითხოვდნენ შეეძინა ბილეთი კიევის რეისზე, რაც თოდუას განცხადებით, მან არ გააკეთა:

„თვითონ აქვთ შეძენილი ბილეთი ხუთსაათიან რეისზე, მათ უნდოდათ სუსლიაკის დაკავება, მაგრამ ამის საშუალება არ მივეცით და ახლა ის კონსპირაციულ ბინაში იმყოფება. მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით“, - გვითხრა ზურაბ თოდუამ.

თავად იულია სუსლიაკის განცხადებით, ეს საქმე "გაყალბებულია" და მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა.

პროკურორის განცხადებით, იმის გამო, რომ საქმის გამოძიება საქართველოში შეუძლებელია, ის გამოსაძიებლად უკრაინის პროკურატურას გადაეცა. ბრალდების მხარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკრაინულ მხარეს მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით ორჯერ მიმართეს, დოკუმენტები ამ დრომდე არ მიუღიათ.

ქართველმა სამართალდამცავებმა არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი 2019 წლის აპრილში დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

საქართველოში ათ ბავშვთან ერთად ჩამოსული ქალის შესახებ ცნობილი გახდა 19 აპრილს, როცა ბავშვები ინტოქსიკაციის დიაგნოზით აღმოჩნდნენ ჯერ ზუგდიდის, შემდეგ კი ქუთაისის საავადმყოფოში.

იულის სუსლიაკის ადვოკატი 20 ივლისს პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს, სადაც საქმის დეტალებზე ილაპარაკებს.

XS
SM
MD
LG