Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე საუბარი უსაფუძვლოა


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

საქართველო პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესია და მას ყველა უნდა დაემორჩილოს.

„რუსთავი 2-ის საქმის არცერთ ეპიზოდში სტრასბურგის სასამართლომ ხარვეზი არ დაადგინა. ამასთან, გუშინდელი დღე იყო კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ფსევდოდემოკრატიულ ძალებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი მიზანია საქართველოს ევროპული გზა. ეს კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ არის ფარსი. კიდევ ერთხელ ვიხილეთ, როგორ ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა“ ჩირქი მოცხოს იმ მთავარ პრინციპებს და ფასეულობებს, რომლებსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია“ - უთხრა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.

მან მიმართა ყველა პოლიტიკურ ძალას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული არჩევანი და ის, რომ ქვეყანაში იყოს მყარი, ევროპული სამართლებრივი სისტემა, დააფიქსირონ პოზიცია ამ საკითხზე. „ვინაიდან ეს ითარმგნება ძალიან მარტივად - აქვს ადგილი შეტევას ჩვენს ევროპულ მისწრაფებაზე და იმ პრინციპების დაზიანებაზე, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ დასრულდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან უმოკლეს დროში „რუსთავი 2“-ის წილების ქიბარ ხალვაშისთვის გადაფორმება, მამუკა ბახტაძემ უპასუხა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა კანონით ისჯება, იუსტიციის მინისტრმა ყველაფერი კარგად განმარტა და სხვა ე.წ. არგუმენტები მხოლოდ დემაგოგიაა.

„კერძო მესაკუთრემ ჩათვალა საჭიროდ ის, რაც ჩათვალა და შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა ის პროცედურები, რაც კანონით ეკუთვნოდა. ეს არ იყო არჩევანი, ეს არის ვალდებულება“ - თქვა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური ოპოზიციის შეფასებას, რომ ხელისუფლებას უნდა „რუსთავი 2“-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და ის საფრთხის წინაშეა, ბახტაძის თქმით, ასეთი საფრთხე არ არსებობს.

„მსგავს საუბრებს არანაირი საფუძველი არ აქვს. ამის გარანტი არის ის, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა ძალიან დიდი მიღწევა, რომ ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი და თითოეული ჩვენთაგანი ამას განსაკუთრებით უფრთხილდება“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG