Accessibility links

ახალი ამბები

უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა წინადადება წამოაყენა, მოხდეს რუსეთთან პატიმრების გაცვლა

ოლეჰ სენცოვი (მარცხნივ) და კირილ ვიშინსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა წინადადება წამოაყენა, მოხდეს რუსეთთან პატიმრების გაცვლა - უკრაინელი კინორეჟისორი ოლეჰ სენცოვი, რომელიც რუსეთში იმყოფება პატიმრობაში, გაიცვალოს რუს ჟურნალისტ კირილ ვიშინსკიზე, რომელიც უკრაინაშია დაკავებული. ეს წინადადება მოჰყვა ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის 11 ივლისის სატელეფონო საუბარს, რომლის დროსაც პატიმრების გაცვლას შეეხნენ.

ზელენსკის პრესმდივანმა იულია მენდელმა კიევის წინადადება ფეისბუკით გამოაცხადა. მანამდე რამდენიმე საათით ადრე კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კიევს მოუწოდა, პირველი ნაბიჯი გადადგას ორ მეზობელს შორის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე და გაათავისუფლოს ვიშინსკი.

კირილ ვიშინსკი, უკრაინაში რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო რია-ნოვოსტის ოფისის ხელმძღვანელი, 2018 წლის მაისში დააპატიმრეს სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით.

ყველა ახალი ამბავი

თეა წულუკიანი ომბუდსმენს: იმდენად ავღელდი, რომ მჭირდება დეესკალაციის ოთახში მოთავსება

„ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებით, არაპროფესიონალიზმიც და მოვისმნიეთ კიდევ ბევრი იმგვარი რამ, რაც, თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას, იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტში ომბუდსმენის სპეციალური ანგარიშის წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას.

თეა წულულიანის განცხადებით, 2020 წლის 19 იანვრის მდგომარეობით პატიმრობაში იმყოფება 9 ათას 762 პირი, აქედან მსჯავრებულია7 ათას 968, ხოლო დანარჩენი 1800-მდე პირი ბრალდებულია და ელოდა განაჩენს.

მსჯავრდებულთაგან 308 ქალია, 33 არასწრულწლოვანი. 2019 წელს საქართველოს საპატიმროებში გარდაიცვალა 16 პატიმარი.ეს რიცხვი 2010 წელს იყო 144, 2011 წელს - 140, ხოლო 2013-18 წლებში საშუალოდ არ აღემატებოდა 20-ს. შარშან ეს რიცხვი იყო 16.

„ეს რიცხვი არის მინიმალურ ზღვარზე ბოლო ათწლეულების განმავლობაში. შესაბამისად, თუკი ჩვენ ვამბობთ ანგარიშში, რომ პატიმრები არიან ყოველდღიური საფრთხის წინაშე, რატომაა ეს რიცხვი ასეთი დაბალი, ალბათ იმიტომ, რომ თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში მუხლჩაუხრელად შრომობენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მან სახალხო დამცველს დაწესებულების სახელწოდების წარმოთქმასთან დაკავშირებითაც მისცა შენიშვნა და აღნიშნა, რომ „ამ დაწესებულებას არ ჰქვია პენიტენციალური, ეს არის პენიტენციური დაწესებულება და ამიტომ გთავაზობთ, რომ ტერმინებსაც გადავხედოთ, როდესაც ასეთი ოფიციალური, მაღალი ტრიბუნიდან ვსაუბრობთ“.

ამასთან თეს წულუკიანმა სახალხო დამცველს საპატიმრო დაწესებულებებში ვიზიტების სიმწირეც შეახსენა.

„თქვენს წინაშეა სახალხო დამცველი, რომელის მეორე წელი, მესამე წელი დაიწყო, ასრულებს თავის ფუნქციებს, ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის. 2018 წელს ქალბატონი ნინო თავად ბრძანდებოდა საპატიმროში სულ 4-ჯერ, მან სამკურნალო დაწესებულებაში ინახულა 1 პატიმარი, რომლის გვარი და სახელი ფართო საზოგადოებისთვის არაფერს ამბობს. შემდეგ მოინახულა # მე-7 დაწესებულება, როცა ის იყო ცარიელი - გახსნამდე, ანუ პატიმრები არ უნახავს. შემდეგ 2018 წლის აგვისტოში ის ეწვია # მე-9 დაწესებულებაში ბატონ გიორგი მამალაძეს . ოქტომბერში გლდანის დაწესებულებაში მან მოინახულა ბატონი მირზა სუბელიანი. ეს არის სულ 2018 წელს. 2019 წელს ქალბატონ ნინოს ჩვენთან მობრძანების და პატიმებისთვის ხელის ჩამორთმევის რიცხვი არის 0. 2020 წელს გამომდინარე პოლიტიკური აჟიოტაჟიდან, რომელიც მიმდინარეობდა ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ქალბატონმა ნინომ შობის მეორე დღეს მოინახულა გიორგი მამალაძე“,- განაცხადა თეა წულუკიანმა. რომელმაც აღნიშნა, რომ მიუხადევად იმისა, რომ ნინო ლომჯარია არ დადის საპატიმროებში, მისი მოადგილე ხშირად ამოწმებს დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, მაგრამ მისი პირადი მოსაზრებით, როდესაც „პატიმარი დაჟინებით ითხოვს ომბუდსმენთან შეხვედრას ომბუდსმენი ციხეში პირადად უნდა დადიოდეს“

მისი სიტყვებით სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს „პროფესიული მოთხოვნილება იაროს ციხეში და შეხვდეს პატიმრებს და დასანანია, რომ ეს ასე არ ხდება“.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველისა და იუსტიციის მინისტრების მოსმენა მიმდინარეობს. ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა. თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამავე პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე მის ხელთ არსებულ ინფორმაციას წარადგენს.

ნინო ლომჯარია: ციხის კრიმინალური სუბკულტურის გავლენა დღესაც აქტიურად გამოიყენება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

„პენიტენციარულ დაწესებულებებში ციხის კრიმინალური სუბკულტურის გავლენა სხვადასხვა გამოვლინებებით არსებობს, რა თქმა უნდა, უკვე რამოდენიმე ათეული წელია, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, თუმცა, სამწუხაროდ, დღესაც აქტიურად გამოიყენება და გულისხმობს ე.წ. მაყურებლების მიერ წესრიგის შენარჩუნებას“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.

ლომჯარიამ კომიტეტს წარუდგინა ანგარიში მეორე, მერვე, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2019 წლის ზაფხულში განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ.

სახალხო დამცველის შეფასებით, „დაწესებულებებში არ არის ძალადობისაგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობაში, რომელიც პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს ქმნის და პატიმრებს შორის ძალადობისა და ჩაგვრის მიზეზი ხშირად ხდება“.

ნინო ლომჯარიამ ხაზი გაუსვა ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის მიერ 2018 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშსაც, რომლის თანახმად, სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულებაში არსებობს პატიმართა არაფორმალურ იერარქიაზე დაფუძნებული, განსაკუთრებით სახიფათო ურთიერთობები და ადმინისტრაცია თავად აღიარებს, რომ ე.წ. მაყურებლებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას აქვს ადგილი, წესრიგის და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.

„სამწუხაროდ, პენიტენციარულ დაწესებულებებში დღეს არსებული წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება და ის, სინამდვილეში, ძალიან მყიფეა, რამაც გრძელვადიან ან თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში უაღრესად დიდი საფრთხის წინაშე შეიძლება დააყენოს იქ არსებული უსაფრთხოება, პატიმართა სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა გაიხსენა 2015 წელს, სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ერთ-ერთი პატიმრის მიმართ „პრივილეგირებული პატიმრების“ მხრიდან ძალადობა, რომელიც საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებმა წამებად შეაფასეს.

"და ჩვენ ვიცეკვეთ" შვედეთის კინოფესტივალზე წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა

ლევან აკინის ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედური ფილმის ყოველწლიურ ფესტივალზე „The Guldbagge Awards, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში მთავარი ჯილდო მიიღო.

კინოფესტივალზე ფილმი სულ 4 ნომინაციაში გამოვლინდა გამარჯვებულად. მათ შორის კაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის შვედეთის მთავარი კინოჯილდოს მფლობელი გახდა მსახიობი ლევან გელბახიანი. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გამარჯვებულია ასევე საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო ოპერატორის კატეგორიაში.

შვედურ-ქართულ-ფრანგული დრამა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ქართული წარმოშობის რეჟისორის, ლევან აკინის ფილმია. ის მოგვითხრობს ქართული ნაციონალური ანსამბლის გეი მოცეკვავის, მერაბის ცხოვრებისა და მისი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.

„The Guldbagge Awards” შვედეთის მთავარი კინოდაჯილდოებაა. იგი 1964 წლიდან ტარდება.

საქართველოს პარლამენტის წევრები ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს ესაუბრნენ ოკუპაციის შედეგებზე

მავთულხლართები ხურვალეთთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ბრიუსელში შეხვდნენ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტს, ჰაიდი ჰაუტალას.

პარლამენტის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, ოკუპირებულ ახალგორში გადასასვლელის ჩაკეტვით გამოწვეულ პრობლემებს და "ბორდერიზაციის" უკანონო პროცესს.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია გაძლიერდეს საერთაშორისო საზოგადოების, პირველ ყოვლისა, ევროკავშირის ზეწოლა რუსეთზე, რათა მათ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. კახა კუჭავამ და ირაკლი ბერაიამ ხაზი გაუსვეს, რომ ევროპარლამენტის დღის წესრიგში მუდმივად უნდა იდგეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი.

საქართველოში ვიზიტს იწყებს ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნიდერლანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი

დღეს, 21 იანვარს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს ნიდერლანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი.

ორდღიანი ვიზიტისას სტეფ ბლოკი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეთვალყურეებთან ერთად ჩავა სოფელ ოძისში, სადაც საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებას გააცნობენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანი და სტეფ ბლოკი განიხილავენ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. შეხვედრის შემდეგ მინისტრები პრესისთვის განცხადებას გააკეთებენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 10 წელია ნიდერლანდის სამეფოს საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი თბილისში ოფიციალური ვიზიტით არ ყოფილა და სტეფ ბლოკის ვიზიტი წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის ბოლოდროინდელი დინამიკის გაგრძელებას, რასაც ხელი შეუწყო გასულ წელს, ნიდერლანდის სამეფოში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტმა.

აშშ-ის სენატში განახლდება პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის განხილვა

21 იანვარს აშშ-ის სენატში გაგრძელდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხის განხილვა.

ერთი დღით ადრე, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა პრეზიდენტის მემორანდუმი, რომლის თანახმად, სენატის განხილვის საგნად ქცეული იმპიჩმენტის მუხლები ამერიკის კონსტიტუციის და დემოკრატიული ინსტიტუტების შეურაცხყოფაა.

დოკუმენტის მიხედვით, კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების აშკარად პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი იმპიჩმენტის მუხლები სენატმა უნდა მოხსნას, რადგან ეს პროცესი აუფასურებს იმპიჩმენტის უდიდეს ძალას. მემორანდუმში ნათქვამია, რომ პროცესში, რომლის შედეგი იყო იმპიჩმენტის მუხლების ინიცირება, დაირღვა სამართლიანობის ყველა პრინციპი და პრეცედენტები, რაც 150 წლის განმავლობაში დაცული იყო იმპიჩმენტის გამოძიების ფარგლებში.

თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ მიუხედავად ამისა, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებმა მხოლოდ იმის დამტკიცება შეძლეს, რომ პრეზიდენტს დასაგმობი არაფერი გაუკეთებია.

დონალდ ტრამპის იურისტების მიერ სენატისთვის წარდგენილ 110-გვერდიან დოკუმენტში დემოკრატების მიერ პრეზიდენტისთვის წაყენებული ბრალდებები შეფასებულია როგორც პოლიტიკური, ზედაპირული და საშიში. ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ბრალდება არ შეიცავს ტრამპის მიერ კანონის დარღვევის მტკიცებულებებს.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ, 18 დეკემბერს, ხმათა უმრავლესობით პრეზიდენტ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და კონგრესის მუშაობისთვის ხელისშეშლის მუხლებით.

დემოკრატები დონალდ ტრამპს ადანაშაულებენ უფლებამოსილების პირადი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყენებაში. დემოკრატების მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისგან მოითხოვდა სავარაუდო კორუფციის ფაქტზე გამოძიების დაწყებას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის ვაჟის წინააღმდეგ და ამას უკავშირებდა კიევისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელებას. აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი 2014 წლიდან 2019 წლის დასაწყისამდე იყო უკრაინაში გაზის მომპოვებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის „ბურისმას“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

იმპიჩმენტის საკითხს საბოლოოდ გადაწყვეტს სენატი, სადაც უმრავლესობა აქვთ დონალდ ტრამპის თანაპარტიელ რესპუბლიკელებს.

აშშ-ის სენატში პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული პროცესი 16 იანვრიდან დაიწყო, როცა კონგრესის ზედა პალატაში საჯაროდ წაიკითხეს იმპიჩმენტის შესახებ ორი მუხლი. პროცესს მოსამართლე ჯონ რობერტსი ხელმძღვანელობს.

დეპუტატის მიმართ მუქარაში ბრალდებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხეს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხეს პოლიტიკური გაერთიანების, „ლელო საქართველოსთვის“ წევრი ვახტანგ რობაქიძე, რომელიც პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.

ვახტანგ რობაქიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან 14 იანვარს მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 20 იანვარს „მთავარ არხს“ განუცხადა, რომ პოლიციელმა მუცელში დაარტყა. იმავე დღეს რობაქიძის ადვოკატმა მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელმაც გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვის შემდეგ, გვიან ღამით, ვახტანგ რობაქიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისთვის დასმული შეკითხვები საქმეს ეხებოდა: „ჩემ დაზიანებებს ეხებოდა ეს კითხვები, ჩემს მიერ სამართალდარღვევის ფაქტებს ეხებოდა ეს კითხვები. დეტალურად გადავეცი ის ინფორმაცია, ის მასალები, რაც ჩემი აზრით, საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ობიექტური გამოძიება დადგეს ამ საქმესთან დაკავშირებით“. რობაქიძის ინფორმაციით, ვიზუალურად შეძლებს ამოიცნოს პირი, რომელსაც ბრალს ძალადობაში სდებს. მისივე განცხადებით, დღეს, 21 იანვარს, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზას ჩაიტარებს.

პოლიციამ ვახტანგ რობაქიძე 14 იანვარს დააკავა, რასაც წინ უძღოდა დაბა ბაკურიანის ერთ-ერთ კაფეში მომხდარი ინციდენტი. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კაფეში, სადაც ცოლ-შვილთან ერთად იმყოფებოდა, მისთვის უცნობმა მამაკაცმა აგრესია გამოიჩინა, შეურაცხყოფას აყენებდა და „გარკვეული ნივთების გამოყენებით ცდილობდა მიახლოებას“, თუმცა, ეს აღიკვეთა და საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა.

ვახტანგ რობაქიძე, რომელიც თავდაპირველად პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს, აცხადებს, რომ ოხანაშვილს მოღალატე და ქვეყნის გამყიდველი უწოდა. რობაქიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მუქარის მუხლითაა აღძრული. 19 იანვარს, ახალციხის სასამართლომ ვახტანგ რობაქიძეს აღკვეთის ღონისძიებად 7 000 ლარის გირაო შეუფარდა.

ოთხ საპატიმრო დაწესებულებაში არსებულ ვითარებაზე საპარლამენტო მოსმენა გაიმართება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე მოისმენს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოხსენებას, რომელიც ეხება მეორე, მერვე, მეთოთხმეტე და მეთხუთმეტე პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ 2019 წლის ზაფხულში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.

ნინო ლომჯარიას მოხსენების შემდეგ, საპარლამენტო კომიტეტი სპეციალურ ანგარიშში ასახულ საკითხებზე მოუსმენს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა 11 საათზეა დანიშნული.

სახალხო დამცველმა მონიტორინგის შედეგების ამსახველი ანგარიში 2019 წლის 24 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ანგარიშის თანახმად, ოთხ დაწესებულებაში, სადაც მონიტორინგი ჩატარდა, არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო, რაც ვლინდება პატიმართა შორის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში, ციხის კრიმინალური სუბკულტურის არსებობასა და დეესკალაციის, სამარტოო, შიდა კლასიფიკაციის საკნების ხანგრძლივად, არამიზნობრივად დასჯის მიზნით გამოყენებაში.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაწესებულებები გადატვირთულია და შეიმჩნევა პერსონალის ნაკლებობა, რის გამოც ადმინისტრაციას აქვს ცდუნება „წესრიგის შენარჩუნების“ და კონფლიქტის მოგვარების ფუნქცია არაფორმალურ მმართველებს გადააბაროს.

ზუგდიდში პოლიციელზე თავდასხმის მცდელობაში ბრალდებული პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიციელზე თავდასხმის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 17 იანვარს ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამართალდამცველების მისამართით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ გ.ქ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავა.

როგორც შსს იტყობინება, სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი (ცეცხლსასროლი იარაღი) ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

პოლიციელზე თავდასხმის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 19-353-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

ბრალდებები 3-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდაცვის სამინისტრო: დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს დანამატები დაუწესდათ

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200 დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ.

თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილების თანახმად, დანამატები განისაზღვრა შემდეგი კრიტერიუმებით:

საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შედეგად:

1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს განესაზღვრათ დანამატი 800 ლარის ოდენობით;

2. კიდურის ნებისმიერი დონის ამპუტაციის ან თვალის დაზიანების (ანოფთალმი/სიბრმავე) მქონე პირებს განესაზღვრათ დანამატი 600 ლარის ოდენობით;

3. სასამართლო/სამედიცინო ექსპერტიზის მიერ სხეულის დაზიანების მძიმე ხარისხმინიჭებულ პირებს განესაზღვრათ დანამატი 250 ლარის ოდენობით;

4. სასამართლო/სამედიცინო ექსპერტიზის მიერ სხეულის დაზიანების ნაკლებად მძიმე ხარისხმინიჭებულ პირებს განესაზღვრათ დანამატი 200 ლარის ოდენობით.

ლევან ახვლედიანის ცნობით, ანაკლიას სამშენებლო ტექნიკა ტოვებს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის ინფორმაციით, ანაკლიას სამშენებლო ტექნიკა ტოვებს.

„გიდასტურებთ, რომ კომპანია „ვან ოორდ“ აკეთებს დემობილიზაციას და გააქვს თავისი კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა ობიექტიდან. „ვან ოორდ“-ი არის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ აქციონერი და ამავდროულად კონტრაქტორი, რომელიც აკეთებდა დაღრმავების სამუშაოებს“, - უთხრა ლევან ახვლედიანმა რადიო თავისუფლებას. როგორც მან დააზუსტა, ანაკლიას ტექნიკა ხელშეკრულების შეწყვეტის გამო ტოვებს.

საქართველოს მთავრობამ 9 იანვარს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურას დაიწყებს. მთავრობა მიზეზად ასახელებს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა რუსეთთან მინიმალური სხვაობით წააგო

საქართველოს წყალბურთის ნაკრებს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, რვა საუკეთესო გუნდს შორის მოსახვედრად ცოტა დააკლდა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი მერვედფინალში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ერთი ბურთით წააგო - 13:14.

ორი მეოთხედის შემდეგ, რუსეთს სამბურთიანი უპირატესობა ჰქონდა (9:6). მესამე მეოთხედში ჩომახიძის შეგირდებმა 4:2 იმარჯვეს და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს (10:11). ბოლო პერიოდში კი ორივე გუნდმა სამ-სამჯერ აიღო მეტოქის კარი.

საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანები იყვნენ მარკო ელაჩა და ფაბიო ბარალდი, სამ-სამი გოლით. დუბლი შეასრულეს ზურაბ რურუამ, დამირ ცრეპულიამ და ბორის ვაპენსკიმ. ერთი გოლი კი გიორგი მაგრაქველიძემ გაიტანა.

საქართველოს ნაკრები მერვედფინალში წაგების გამო, მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის მებრძოლთა პლეი ოფში გადაერთვება.

სუსი: საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკარში უკანონო ინსტალაციები აღმართეს

გუგუტიანთკარი. საოკუპაციო ხაზი. 20 აგვისტო.

„საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან რადიო თავისუფლებისთვის გაგზავნილ ცნობაში.

სუს-ის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

„მიმდინარეობს მავთულხლართების ე წ საზღვრის აღმნიშველი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე. წ. ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი" და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღსანიშნავია, რომ სუს-ს არ ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საკითხი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებშიც განიხილოს, რომელიც საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილების შედეგად 2019 წლის 29 აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია“, - აცხადებს სუსი.

20 იანვარს, ასევე ცნობილი გახდა, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის ტყის მასივის ჩრდილო-დასავლეთით დატოვებულ ახალი ნიშნულების შესახებ.

სერბეთი და კოსოვო აღადგენენ პირდაპირ ფრენებს

აშშ-ის დიპლომატების ხელმძღვანელობით სერბეთსა და კოსვოს შორის გაფორმდა შეთანხმება პირდაპირი კომერციული ავიარეისების აღდგენაზე, რაც ამ ორ მეზობელს შორის თანამშრომლობის იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს.

სერბეთის, კოსოვოს და ნატოს ლიდერები 20 იანვარს მიესალმნენ შეთანხმების გაფორმებას, რომელიც ითვალისწინებს ორი ათწლეულის წინ, 1998-99 წლებში კოსოვოს კონფლიქტის ესკალაციის დროს გაუქმებული ავიახაზის აღდგენას.

პრიშტინასა და ბელგრადს შორის კავშირები დაძაბული რჩება ომის შემდეგ, რომელსაც 10,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და რომლის შემდეგად მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილი გახდა.

სერბეთი თავის ყოფილ პროვინციას კვლავ საკუთარი ტერიტორიის ნაწილად განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ კოსოვოს მიერ 2008 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობა 100-მდე ქვეყანას აქვს აღიარებული, აშშ-ის ჩათვლით.

სერბეთის და კოსოვოს დედაქალაქებს შორის კომერციული ფრენების აღდგენის შეთანხმება გაფორმდა ბერლინში, აშშ-ის საელჩოში. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მილუნ ტრივუნაჩმა, სერბიის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა და ესეთ ბერიშამ, კოსოვოს სამოქალაქო ავიაციის უწყების გენერალურმა დირექტორმა.

25 წუთის ხანგრძლივობის ფენას შეასრულებს Lufthansa-ს იაფი ხაზი,
Eurowings-ი.

ამჟამად ბელგრადიდან პრიშტინაში ჩასვლას ხუთ საათზე მეტი დრო სჭირდება.

პუტინმა პარლამენტს გაუგზავნა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პარლამენტს გაუგზავნა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, მას შემდეგ, რაც ამ ცვლილებების და ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციის მოულოდნელი გეგმის შესახებ გასულ კვირაში ილაპარაკა საჯაროდ.

პუტინს სურს სიტყვა "მიყოლებით" ამოღებულ იქნას კონსტიტუციის ამჟამინდელი ვარიანტიდან, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტს არ შეუძლია ამ თანამდებობაზე ყოფნა "მიყოლებით ორზე მეტი ვადით" - ვკითხულობთ პროექტში, რომელიც გამოქვეყნდა კრემლის მიერ კონტროლირებული ქვედა პალატის, სახელმწიფო სათათბიროს ვებსაიტზე 20 იანვარს.

ამ და სხვა საკონსტიტუციო შესწორებების წინადადებით რუსეთის ლიდერი გამოვიდა 15 იანვარს, თავის ყოველწლიურ სიტყვაში, რამაც გააჩინა ვარაუდები, რომ ცვლილებამ შესაძლოა 67 წლის პუტინს საშუალება მისცეს ძალაუფლება შეინარჩუნოს 2024 წლის, ანუ პრეზიდენტობის მეოთხე ვადის გასვლის შემდეგაც.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს კონსტიტუციისთვის მკაფიო პრიორიტეტის მინიჭებას საერთაშორისო კანონდთან მიმართებით და პრეზიდენტის ზოგიერთი უფლებამოსილების გადატანას პრემიერ-მინისტრზე და სახელმწიფო საბჭოზე.

პუტინმა სამუშაო ჯგუფი შექმნა შეთავაზებული ცვლილებების შესასწავლად და რეფერენდუმის გამართვის იდეითაც გამოვიდა.

პუტინის გამოსვლას მოჰყვა პოსტიდან პრემიერ-მინისტ დმიტრი მედვედევის გადადგომა, რომელიც მეორე დღეს შეცვალა მიხაილ მიშუსტინმა, რუსეთის საგადასახადო სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა.

სუსი ჩორჩანასთან ხეების წითელი საღებავით მონიშვნის შემთხვევებს სწავლობს

„მიმდინარეობს აღნიშნული მონაკვეთის სრულყოფილი შესწავლა", - უთხრეს სუს-ის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის ტყის მასივის ჩრდილო-დასავლეთით დატოვებულ ახალი ნიშნულების შესახებ.

როგორც სუსი აღნიშნავს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება შესაბამისად რეაგირებს უკანონო მონიშვნებისა და შესაძლო ბორდერიზაციის ყველა შემთხვევაზე. მათი განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით მუდმივ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) და საერთაშორისო პარტნიორებს.

პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, ხეების წითელი საღებავით მონიშვნის შემთხვევა წარსულშიც, 2016 წელსაც აღმოაჩინა.

„საკითხის განხილვა მოხდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 72-ე შეხვედრაზე. ცენტრალური ხელისუფლების პრინციპული პოზიციის შედეგად აღნიშნული განხილვის ფარგლებში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უარყვეს კავშირი ხეებზე დატანილ მონიშვნებთან დაკავშირებით", - აცხადებს სუსი.

ახალი ნიშნულების შესახებ ინფორმაცია, ფოტოები და რუკა ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ გაავრცელა.

მოძრაობის ცნობით, წითლად მონიშნული ხეები და ყვითელი ბანერი რამდენიმე ციფრით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 240 მეტრშია. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ თუ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ ხაზს საჩხერის რაიონის მიმართულებით გაუყვებიან, ოკუპირებული აღმოჩნდება ათობით ჰექტარი ტყის მასივი.

იტალიაში, სადეპორტაციო ცენტრში ინციდენტის შემდეგ საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - ქართული მხარე დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ენრიკო ვალვოს შეხვდა.

როგორც სამინისტროს ინფორმაციაში ვკითხულობთ, შეხვედრის თემას წარმოადგენდა იტალიის ქალაქ გორიციის სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტი და იქ მყოფი საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი.

სამინისტროს ცნობით, ქართულმა მხარემ ელჩს მოსთხოვა ინციდენტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. თავის მხრივ, იტალიის ელჩმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და იტალიური სამართალდამცავების მხრიდან ყველაფერი კეთდება მომხდარის ოპერატიული გამოძიების მიზნით. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გარდაცვლილი მოქალაქის ოჯახმა დროულად მიიღოს ინფორმაცია გარდაცვალების მიზეზების თაობაზე.

შეხვედრაზე, მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მწუხარება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გამო და გამოხატეს მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლონ სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტისა და საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების გარემოებაზე ობიექტური სურათის დადგენის მიზნით.

მომხდარის შესახებ, ასევე, დაგეგმილია საქართველოს ელჩის შეხვედრა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორთან, ხოლო საელჩოს კონსული ადგილზე ჩავა და შეხვედრებს გამართავს ქ. გორიციის პროკურატურის წარმომადგენლებთან. იტალიაში საქართველოს საკონსულო მუდმივ კავშირზე იმყოფება გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან.

უნგრეთი და უკრაინა შეთანხმდნენ სადაზვერვო მონაცემების გაცვლაზე

უნგრეთმა და უკრაინამ მოილაპარაკეს, რომ ითანამშრომლობენ ერთობლივი სადაზვერვო მონაცემების გაცვლაზე, - იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო დეპარტამენტი 19 იანვარს.

შეთანხმება შედგა უკრაინელ გენერალ-პოლკოვნიკს, თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ვასილ ბურბასა და უნგრეთის სამხედრო ინფორმაციის დირექტორატის ხელმძღვანელს, გენერალ-ლეიტენანტ იანოშ ბერეშს შორის.

ორი მხარე შეთანხმდა "ძალების გაერთიანებასა და თანამშრომლობის გაფართოებაზე რეგიონული კოლექტიური უსაფრთხოების გასაძლიერებლად", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ბურბა და ბერეში შეთანხმდნენ, რომ "გააუმჯობესებენ სადაზვერვო მონაცემების გაცვლის ხარისხს და ნატოს უსაფრთხოების სტრუქტურების შესახებ ცოდნას".

უნგრეთი, რომელიც ცივი ომის პერიოდში ნატოს მეტოქე ბანაკში იყო, თავდაცვით ალიანსს 1999 წელს შეუერთდა. ნატოში გაწევრიანება უკრაინასაც სურს და 16 იანვარს მან ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ნატოს გაფართოებული შესაძლებლობების პარტნიორობის პროგრამაში - ფორმატში, რომელიც მიზნად ისახავს ალიანსის ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებას მესამე ქვეყნებთან.

ელიზაბეთ რუდი: შეშფოთებულები ვართ იმ მოვლენებით, რაც ხდება ადმინისტრაციულ ხაზთან

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი ეხმაურება საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ მოვლენებით, რაც ხდება ადმინისტრაციულ ხაზთან, განსაკუთრებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მათ შორის, ჩორჩანასთან, როცა საოკუპაციო რეჟიმმა გადმოსწია ხაზი თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ყველა მექანიზმი უნდა იყოს ბოლომდე გამოყენებული, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, რომ ეს საკითხები მოგვარდეს. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, - განაცხადა რუდმა.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის ტყეში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ღობეებისა და მავთულხლართების მონტაჟი დაიწყეს. ამის შესახებ პირველი განცხადება 13 იანვარს „ანტისაოკუპაციო მოძრაობამ“ გააკეთა და შესაბამისი ფოტო- და ვიდეომასალაც გაავრცელა. ფოტოებზე ტყის მასივში გაყვანილ ახალ გზაზე ეგრეთ წოდებული საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები და ღობეები ჩანს.

2019 წლის ზაფხულში, ჩორჩანის ტყესთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საგუშაგოს აღება მოითხოვა და უარის შემდეგ, ტყეში ახალი გზის გაყვანა დაიწყო და მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დადგა ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო.

ბიშკეკის სასამართლომ დაიწყო RFE/RL-ის წინააღმდეგ ცილისწამების სარჩელის განხილვა

რაიმბეკ მატრაიმოვი

ბიშკეკში სასამართლომ დაიწყო ცილისწამების სარჩელის განხილვა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის, მისი კორესპონდენტის, ალი ტოკთაქუნოვის და ახალი ამბების საიტ Kloop-ის წინააღმდეგ.

სარჩელი ეკუთვნის საბაჟოს ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, რაიმბეკ მატრაიმოვს და მის ნათესავებს, და ის შეტანილ იქნა მას შემდეგ, რაც ამ მედიასაშუალებების მიერ გაშუქებულ კორუფციულ სქემებს სკანდალი მოჰყვა.

სარჩელის სამიზნეა აგრეთვე კიდევ ერთი დამოუკიდებელი ვებსაიტი, 24.kg, რომელმაც გამოძიების შედეგების შეჯამება გამოაქვეყნა.

ბიშკეკის სვერდლოვის რაიონის სასამართლომ საქმის განხილვა 20 იანვარს დაიწყო, მაგრამ პროცესი მალევე გადადო 29 იანვრისთვის, რადგან მომჩივანი მხარის ადვოკატებმა მეტი დრო ითხოვეს შესაძლო შეთანხმების, კერძოდ, ერთობლივი გამოძიების შედეგების ოფიციალური უარყოფის გამოქვეყნების მისაღწევად.

რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახურის და Kloop-ის ადვოკატებმა უარყვეს ამგვარი ნაბიჯი, თუმცა მომჩივან მხარეს შესთავაზეს შესაძლებლობა, გამოძიება ამ მედიასაშუალებების სივრცეში განიხილონ. 24.kg-ს ადვოკატმა კი განაცხადა, რომ მისი კლიენტი მზადაა მომჩივან მხარესთან შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად.

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 21 იანვარს შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება, პრემიერი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტის ეკონომიკური ნაწილი დაეთმობა შეხვედრებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებსა და მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორის არიან: Philips Lighting, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb და სხვ.

ვიზიტის ფარგლებში პრემიერი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში “New Ambitions for Europe”.

გიორგი გახარია სიტყვით მიმართავს ევროპელი ლიდერებისთვის ორგანიზებული ოფიციალური ღონისძიების - “Uniting Europe”-ის მონაწილეებს და დაესწრება დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და ჰილდე შვაბის სახელით გამართულ მიღებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასევე ესტუმრება პრეზენტაციას - „Cool Kids on Blockchain“, რომელზეც წამყვანი შვეიცარიული ე.წ. ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) ფონდის ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებული ქართული სტარტაპი Vault Wines-ი ქართულ ინოვაციას წარადგენს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც გიორგი გახარია ხელმძღვანელობს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი იქნებიან. ვიზიტი 24 იანვრამდე გასტანს.

სომხეთ-საქართველოს საზღვართან გადაკეტილი გზა გაიხსნა

სომხეთ-საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკასთან გადაკეტილი გზა გაიხსნა.

უწყლობის პრობლემის გასაპროტესტებლად შეკრებილმა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გზა მას შემდეგ გახსნეს, რაც მათ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი შეხვდა და პრობლემის მოგვარებას შეჰპირდა.

მისი სიტყვებით, წყლის ცენტრალურ მაგისტრალს შეამოწმებენ, ჩაჭრიან ყველა უკანონო მიერთებას და მაგისტალიდან წამოსული წყლით გაივსება ცენტრალური ავზი, საიდანაც სასმელი წყალი სოფლის მოსახლეობას თანაბრად მიეწოდება. ამასთან, გაზაფხულზე მოიძიებენ წყლის დამატებით რესურსებს, რაც საბოლოოდ მოხსნის სოფლის სასმელი წლით მომარაგების პრობლემას.

„ცენტრალურ მაგისტრალზე არსებული უკანონო მიერთებები შემოწმდება და ყველა ჩაიჭრება. თქვენთან ერთად მივალთ და ვნახავთ. შეივსება წყლის ავზი ცენტრალური მაგისტრალიდან წამოსულ წყალით და შემდეგ ამ ავზიდან გადანაწილდება მომხმარებლებთან და აქედან მომარაგდება ყველა ფერმა და ყველა ოჯახი. ასევე გპირდებით, რომ აპრილში მოვიძიებთ დამატებით რესურსებს და ამ შემთხვევაში ჩვენ გადავჭრით წყლით მომარაგების პრობლემას“, - უთხრა ბესიკ ამირანაშვილმა საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

შეხვედრა ნინოწმინდის მერიის შენობაში გაიმართა. მას ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანიც ესწრებოდა. ერთსაათიანი ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ თუ ადგილობრივი ხელისუფლება დანაპირებს ხვალვე არ შეასრულებს, ზეგიდან აქციას განაახლებენ.

ცენტრალური მაგისტრალი სომხეთ-საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკასთან 2 საათის განმავლობაში ადგილობრივ ფერმერებს ჰქონდათ გადაკეტილი. ისინი უწყლობას და სასმელი წყლის უსამართლო განაწილებას აპროტესტებდნენ.

აზერბაიჯანში ათასობით ადამიანმა აღნიშნა "შავი იანვრის" 30-ე წლისთავი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა ღონისძიებაში, რომლითაც აღნიშნეს საბჭოთა ჯარების მიერ, დამოუკიდებლობის მოძრაობის სისხლიანი ჩახშობის მცდელობის 30-ე წლისთავი. ამ მოვლენებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ბაქოში მთელი ქვეყნიდან ჩავიდნენ მოქალაქეები, რომლებიც გაეშურნენ "წამებულთა ხეივნის" სახელით ცნობილი ადგილისკენ, იმ მოვლენების მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად, რომლებსაც აზერბაიჯანში "შავ იანვრად" იცნობენ.

ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს მთავრობის წევრებმა, სხვა ოფიციალურმა პირებმა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა.

მეჩეთებში საგანგებო ლოცვა აღევლინა. ტელეარხებზე არ გავიდა გასართობი პროგრამები და ბაქოს მეტროში სამგლოვიარო მუსიკა ისმოდა.

1990 წლის 20 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ აზერბაიჯანში ჯარები გაგზავნა, რათა ჩაეხშო დამოუკიდებლობის მოძრაობის მცდელობა, დაემხოთ საბჭოთა აზერბაიჯანის მთავრობა. ოფიციალური მონაცემებით, ბაქოში მოკლეს 134 სამოქალაქო პირი, კიდევ 13 ადამიანი მოკლულ იქნა სხვა ქალაქებში. ამავე მონაცემებით, დაიჭრა სულ მცირე 800 ადამიანი, ხუთი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება იმ მოვლენების შედეგად.

ზელენსკი ამბობს, რომ დაესწრება ოსვენციმის გათავისუფლების აღსანიშნავ ღონისძიებას ისრაელში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ 22 და 23 იანვარს ისრაელში დაესწრება ოსვენციმის გათავისუფლების 75-ე წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებებს.

გაზეთ The Times of Israel-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 19 იანვარს გამოქვეყნდა, ზელენსკი ამბობს, რომ ღონისძიებებს დაესწრება, მიუხედავად იმისა, რომ იქ მისი სიტყვით გამოსვლა დაგეგმილი არ არის.

„ყველა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რამაა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივის მიგება. იქ ჩასვლა ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, ჩვენ იქ ვილაპარაკებთ თუ არა“, - ამბობს ზელენსკი.

თუმცა, ზელენსკი თვლის, რომ მას უნდა ჰქონდეს გამოსვლა ამ ღონისძიებაზე. „ვიცი, რომ ისრაელის მხარეს სხვა ფორმატი აქვს; ჩვენი სიტყვით გამოსვლა გათვალისწინებული არ არის. ვთვლი, რომ იქ უნდა [ვილაპარაკო], მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში წავალ“, - ამბობს ზელენსკი.

ზელენსკიმ, რომელიც თავადაც ებრაელია, მოიყვანა უკრაინული სტატისტიკური მონაცემები, რომ მეორე მსოფლიო ომში, ჰოლოკოსტის დროს დაღუპული ყოველი მეოთხე ებრაელი დღევანდელი უკრაინის ტერიტორიიდან იყო.

„ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც [ჰოლოკოსტის] ტრაგედიაში დაიღუპა, უკრაინელი ებრაელი იყო - დაწყებული ბაბი იარიდან, სადაც 150,000 უკრაინელი ებრაელი დახოცეს“, - ამბობს ზელენსკი.

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში 1,1 მილიონი ადამიანი დაიღუპა, ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის სასტიკი ოკუპაციის დროს.

NCDC: ჩინეთიდან საქართველოში ახალი ვირუსის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს

ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუჰანის ერთ-ერთი ჰოსპიტალი

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის(NCDC) შეფასებით, ჩინეთში დეკემბრის ბოლოდან გავრცელებული ახალი ვირუსის საქართველოში შემოტანის რისკი მინიმალური და მხოლოდ თეორიულია.

დღეს, 20 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში ე.წ. კორონავირუსებით გამოწვეული A ტიპის პნევმონიის შემთხვევებია.

გამყრელიძის თქმით, მედიით ვრცელდება სხვადასხვა რიცხვი, თუმცა, ცენტრი სარგებლობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიღებული ინფორმაციით, რომლის თანახმად, დადასტურებულია 41 შემთხვევა და მათგან ორი ლეტალურად დასრულდა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ რამდენიმე შემთხვევაა ტაილანდსა და იაპონიაში, რომლებსაც პირდაპირი ავიამიმოსვლა აქვთ ჰუბეის პროვინციასთან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ჩინეთის ამ პროვინციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არ აქვს, დაავადების შემოტანის რისკი მხოლოდ თეორიულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველო მუშაობს გეგმაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით: „მაგრამ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამ ეტაპზე საშიშროება არც თეორიული და არც პრაქტიკული იმისა, რომ ქვეყანაში ვირუსი იქნას იმპორტირებული, არ გახლავთ“.

„არავითარი საფუძველი წინასწარ თავზე ნაცრის წაყრის, შეშინების, რომ არიქა, მოვიდა ჩინეთიდან, არ არსებობს“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ. მისი ინფორმაციით, მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებსაც ჰუბეის პროვინციასთან პირდაპირი ავიარეისები აქვთ, ჯერჯერობით რაიმე საგანგებო ზომებისთვის არ მიუმართავს.

პაატა იმნაძის თქმით, საქართველო შეასრულებს იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გასცემს: „დღევანდელი მითითება ყველა ქვეყნისათვის არის არავითარი შეზღუდვა ჩინეთში მგზავრობაზე, ვაჭრობაზე და ასე შემდეგ. ეს არის ოფიციალური პოზიცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG