Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე: „რუსთავი 2“-ით იქნება თუ „რუსთავი 2“-ის გარეშე, არჩევნებს მოვიგებთ


თავისუფალი სიტყვის დამცველი ტელევიზია ხელში ჩაუვარდა ოლიგარქატს, რაც აფერხებს ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებსა და ოპოზიციის ხმის მიტანას საზოგადოებამდე - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ 19 ივლისს, პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე, პარლამენტის შენობის წინ.

ვაშაძის თქმით, ეჭვქვეშ არ დგება სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ევროპული სასამართლო ვერ გაითვალისწინებდა კონტექსტსა და ხელისუფლების განზრახვებს.

„ჩვენ არასოდეს შეგვიტანია ეჭვი ევროპული სტრუქტურების ობიექტურობაში, მაგრამ ისიც გასაგები არის, რომ სტრასბურგის სასამართლო პროცედურული ასპექტების განხილვისას ვერ გაითვალისწინებდა ჩვენს სახელმწიფოში არსებულ კონტექსტს და ვერ გაითვალისწინებდა ალბათ იმასაც, როგორ ისარგებლებდა ე.წ. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით.

შედეგად ვღებულობთ იმას, რომ დამოუკიდებელი, ობიექტური, თავისუფალი სიტყვის სადარაჯოზე მდგომი ტელევიზია ხელში ჩაუვარდა ოლიგარქატს, რაც ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს აფერხებს და ოპოზიციის ხმას, ჩვენს წვდომას ჩვენს ამომრჩეველთან, საგრძნობლად ასუსტებს. ჩვენს ამ წუხილს უერთდება სრულიად სამოქალაქო საზოგადოება, აქ მყოფი ოპოზიციური სპექტრი, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არ შეისმინა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მოწოდება - არ გადაეფორმებინა „რუსთავი 2“ ახალი მფლობელისთვის სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის საბოლოო გადაწყვეტილებამდე, „როგორც მან ეს არაერთხელ გააკეთა პოლიტპატიმრებთან მიმართებაში, კერძოდ - ბატონ ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში“. თუმცა, ამის ნაცვლად, ვაშაძის თქმით, „ტელევიზია გადაუფორმდა რეიდერ ქიბარ ხალვაშს და დაინიშნა ახალი გენერალური დირექტორი“.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე სასოწარკვეთილების მიზეზსა და საჭიროებას ვერ ხედავს. ის დარწმუნებულია, რომ მომავალი არჩევნები ყველაფერს თავის ადგილას დააბრუნებს.

„ჩვენ საპარლამენტო არჩევნებზე ღირსეულ პასუხს გავცემთ ამ ხელისუფლებას. ხელისუფლებაში მოსული პროდასავლური პარტიები დაუბრუნებენ ტელევიზიას მაყურებელს, ქვეყანას - მოქალაქეს, დააბრუნებენ განვითარებას ეკონომიკაში და ადამიანის უფლებებს - საზოგადოებაში. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა - ასე იქნება. ყველა სოციოლოგიური კვლევა ამას ადასტურებს, რომ ე.წ. „ქართული ოცნების“ საათზე 12-ს უკვე რამდენიმე წამი აკლია. პირობას გაძლევთ, რომ „რუსთავი 2“-ით იქნება თუ „რუსთავი 2“-ის გარეშე, ამ არჩევნებს მოვიგებთ და ქვეყანას დავუბრუნებთ მოქალაქეს... აღარასოდეს პირადი ხელშეუხებლობა, არასოდეს კერძო საკუთრება არ გახდება არავის ხელყოფის საგანი“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ პროდასავლური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე..

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპებით მოხდა გადაწყვეტილებების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. თავდაპირველად მოხდა „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება. შემდეგ კი, მისი გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე, ნიკა გვარამია ადვოკატმა პაატა სალიამ ჩაანაცვლა.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG