Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: სტრასბურგში დადასტურდა, რომ სახელმწიფომ ხელყო ზურაბ ვაზაგაშვილის სიცოცხლის უფლება


ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლი

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სახელმწიფო თანამდებობის პირებისა და მოხელეებისთვის გაკვეთილი უწოდა 2006 წელს, თბილისში, პოლიციის მიერ მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.

„დადასტურდა ის, რასაც აქამდე დაუდასტურებლად ვიძახდით, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან ხელყოფილ იქნა ისეთი უმნიშვნელოვანესი უფლება, როგორიცაა სიცოცხლის უფლება“ - განაცხადა მოსიაშვილმა 19 ივლისს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ადვოკატის თქმით, „ადამიანი ისე ჩაცხრილეს, რომ მისი სახელი და გვარიც არ იცოდნენ იმ პერიოდისთვის.“

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა გამოიწვია, პროპორციული და აუცილებელი არ იყო, მომხდარის თავდაპირველი გამოძიება კი დარღვევებით წარიმართა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს დააკისრა ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახისთვის 50 ათასი ევროს კომპენსაციის გადახდა.

2006 წლის 2 მაისს, პოლიციამ თბილისში ჩაატარა ოპერაცია, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, მიმართული იყო ყაჩაღური ჯგუფის წევრების წინააღმდეგ. პოლიციელებმა ავტომანქანაშივე მოკლეს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი.

ზურაბ ვაზაგაშვილის მამამ, იური ვაზაგაშვილმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას საქმის გაყალბებაში ადანაშაულებდა, სტრასბურგის სასამართლოს 2007 წელს მიმართა.

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ „კორტების სპეცოპერაციის“ საქმის გამოძიება განახლდა. 2015 წლის ოქტომბერში, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა შსს-ს იმ დროისთვის უკვე ყოფილ ხუთ თანამშრომელს. ორ მათგანს, კრიმინალური პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსნებს, ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით მიესაჯა 12-12 წლით პატიმრობა.

იმავე წლის იანვარში იური ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა.

XS
SM
MD
LG