Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ახალი პარლამენტის პირველი სხდომა შესაძლოა დამოუკიდებლობის დღეს დაამთხვიონ


უკრაინის პარლამენტის სხდომათა დარბაზი
უკრაინის პარლამენტის სხდომათა დარბაზი

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს, რომ ახალი, მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს ჩატარდეს - ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება გამოცემა „უკრაინსკა პრავდა."

ზელენსკის პარტიის, „ხალხის მსახურის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კორნიენკომ დაადასტურა, რომ არსებობს პარლამენტის პირველი სხდომის აგვისტოში ჩატარების იდეა. რაც შეეხება თარიღს, კორნიენკოს განცხადებით, დამოუკიდებლობის დღე ლამაზი, სიმბოლური თარიღია.

უკრაინის პარლამენტის ვადამდელ არჩევნებში, რომელიც 21 ივლისს ჩატარდა, ყველაზე მეტი ხმა, 42%-ზე მეტი პრეზიდენტის პარტიამ, „ხალხის მსახურმა“ მიიღო.

არჩევნების წინასწარი შედეგებით, პარლამენტში წარმოდგენილი იქნება კიდევ 4 პოლიტიკური პარტია: „ოპოზიციური პლატფორმა,“ ექს-პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა,“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ და პარტია „ხმა.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG