თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პოლიტიკური მოძრაობის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღების შესახებ.
„ახლა ჩვენ გვაქვს არჩევანი გავასაჩივროთ განჩინება, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ ამაზე. ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია რეესტრში ჩვენი განაცხადი წილების გასხვისებაზე აკრძალვა და ოთხშაბათს საღამომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივროთ, თუ შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა,“ - განაცხადა ოქრუაშვილმა 22 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 19 ივლისს მიმართა.
ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ „რუსთავი 2”-ზე საკუთრების უფლება მას ეკუთვნის და არა ხალვაშს.