„პოლიტიკაში არსებობს ტერმინი, ბინძური თეთრეულის გამოფენა. ჩემი მიზანი არ ყოფილა ამ თეთრეულის გამოფენა, მაგრამ დვალმა ისურვა ამ თემაზე ლაპარაკი“, - ასე ეხმაურება ირაკლი ოქრუაშვილი, მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი, რუსთავი 2-ის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ყოფილი მფლობელის დავით დვალის მიერ გასაჯაროებულ ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებას, რომელიც მან პროკურატურას 2014 წლის პირველ აპრილს მისცა.
ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, მან აღნიშნული ჩვენება ბიძინა ივანიშვილისა და პროკურორ ირაკლი შოთაძის მითითებით მისცა იმის სანაცვლოდ, რომ 2014 წლის 15 ივნისს, თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც ირაკლი ოქრუაშვილი გორის მერობისთვის იბრძოდა, მმართველი პარტიის მხარდაჭერას მიიღებდა:
„ეს არის პერიოდი, როდესაც „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ „ცხენზე ზის“ და მათთვის კონკურენციის გაწევა ადვილი არ არის. მე დავიწყე საერთო ენის გამონახვა ბიძინა ივანიშვილთან , რომ არჩევნებში მონაწილეობა მიმეღო. ერთი, ხელი არ შემეშალა და დისონანსი არ შემეტანა მათ გეგმებში, და მეორე, გარკვეული სახის, მინიმუმ ხელის არ შეშლა და მაქსიმუმ მხარდაჭერა მიმეღო მათგან. ამისთვის შუამავლობა ვთხოვე დათო უსუფაშვილს, მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს. ამას ვლაპარაკობ დათო უსუფაშვილთან შეთანხმებით. უსუფაშვილმა ივანიშვილისგან მომიტანა ძალიან მარტივი გზავნილი. მან ტელეფონზე გამომიგზავნა მესიჯი, სადაც ივანიშვილი აბარებს: „პროკურორი შოთაძე დაუკავშირდება, ისაუბრონ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ“. პროკურორი შოთაძე დამიკავშირდა, ვისაუბრეთ და გორში არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, მან მომთხოვა იმ სახის ჩვენების მიცემა, როგორი სახითაც მიცემული მაქვს ეს ჩვენება“.
2014 წლის პირველ აპრილს ირაკლი ოქრუაშვილის მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით, საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მითითებით, მფლობელების დაყოლიების შემდეგ, წილები უნდა გაფორმებულიყო საზოგადოებისთვის ცნობილ ბიზნესმენზე:
„სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ტელევიზიის ხელში ჩაგდება უნდა მომხდარიყო რაც შეიძლება მალე, ინფორმაცია ცნობილი არ უნდა გამხდარიყო ფართო მასებისთვის. ჩემი ინფორმაციით, დვალი და აქიმიძე თავდაპირველად უარს აცხადებდნენ წილების გასხვისებაზე, ისე რომ, მათთან მოლაპარაკების პროცესი გაიწელა რამდენიმე კვირის მანძილზე. ერთ-ერთ შეხვედრაზე ადეიშვილმა და მერაბიშვილმა მითხრეს, რომ აქიმიძე და დვალი წილის გასხვისებაზე უარს აცხადებდნენ და მათთან მოლაპარაკების გზით შედეგს ვერ მიაღწევდნენ. მათი განმარტებით, საჭირო იყო გარკვეული ხერხებით მათთვის ეიძულებინათ ტელევიზიის წილების დათმობა. კონკრეტულად იძულების რა ხერხების გამოყენებას აპირებდნენ ჩემთვის არ უთქვამთ… ივნისში შეხვედრისას მათ მითხრეს, რომ მათმა ჩანაფიქრმა გაამართლა და მათი ძალისხმევის შედეგად დვალი და აქიმიძე თანახმა იყვნენ წილების გასხვისებაზე. საჭირო იყო ახალი მფლობელის მოძებნა. აქიმიძისა და დვალის მიერ წილების გადაფორმების შემდეგ, ჩვენსა და დამფუძნებლებს შორის შეხვედრა მოხდა ჩემს სამუშაო კაბინეტში, საქართველოს შსს-ს ცენტრალურ ოფისში. ადეიშვილმა და მერაბიშვილმა უთხრეს რომ შეეძლოთ თავისუფლად გაეგრძელებინათ მათი ბიზნეს საქმიანობა და ამის შემდეგ მათ აღარავინ შეეხებოდა“.
ირაკლი ოქრუაშვილმა 22 ივლისს გამართულ ბრიფინგზე წარმოადგინა ტელეფონი, რომლითაც ის 2014 წელს სარგებლობდა და რომელშიც მისი თქმით, არაერთი მაღალჩინოსნის გზავნილია შენახული:
„მე შემიძლია გადმოგცეთ ეს ტელეფონი. და იმდენი მაღალჩინოსნის მესიჯს ნახავთ, თმა ყალყზე დაგიდგებათ“.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი აღნიშნავს, რომ ის პირადად შეუთანხმდა დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს, რუსთავი 2-ის დამფუძნებლებს სამაუწყებლო კომპანიის წილების გაყიდვის თაობაზე და ქიბარ ხალვაში მხოლოდ ნომინალური ფიგურა იყო ამ მოლაპარაკებებში.
დავით დვალი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს მასთან და მეორე დამფუძნებელთან, ჯარჯი აქიმიძესთან მოლაპარაკებები არასდროს უწარმოებია.
დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ 22 ივლისს განცხადება გაავრცელეს. განცხადების თანახმად, ისინი თავს დაზარალებულად მიიჩნევენ და„რუსთავი 2“-ისთვის ბრძოლას განაგრძობენ. ისინი აღნიშნავენ, რომ სამართლიანობა აღდგება, მაშინ როდესაც ტელევიზია მის დამფუძნებლებს დაუბრუნდება.