იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე სახალხო დამცველს მიმართავს, რომ შეისწავლოს იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესის დროს მისი და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულება.
როგორც ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს განაცხადა, მისი და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ საბჭოს წევრების მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომას აქვს ადგილი.
„მივმართავ სახალხო დამცველს, რომელიც არის ანტიდისკრიმინაციული კანონის ზედამხედველი ორგანო, დაიწყოს ამ თემის შესწავლა. მივმართავ არასამთავრობო სექტორს, ვართ ორი ქალი წევრი, ორივეს გვყავს მცირეწლოვანი შვილები, ეს არის დისკრიმინაციული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ", - განაცხადა ანა დოლიძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პროტესტის ნიშნად უკვე მეორედ დატოვეს. საბჭოს არამოსამართლე წევრებსა და მოსამართლე წევრებს შორის კამათი ამჯერადაც მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროის გახანგრძლივებამ გამოიწვია.
"ჩვენ ვართ ქალები, დედები და გვყავს ოჯახი. დილის 9 საათიდან გამოსული ვარ და ჩემს შვილს სჭირდება ელემენტარული დედის ყურადღება, სანამ დაიძინებს, ნახევარი საათი მაინც. 9 თვის შვილი მყავს. თქვენ რომ ზიხართ აქ და ატარებთ სხდომებს ღამის 9 საათზე, გეხვეწებით, რომ იქნებ სამუშაო საათებში ჩაატაროთ გასაუბრება და არაგონივრულ გადაწყვეტილებას იღებთ იმიტომ, რომ თქვენი პერსპექტივის იქით ვერაფერს ხედავთ. ეს არის აუტანელი და ახლა თან რიგითობას მიწესებთ, რომ ღამის 10 საათზე დავსვა ბოლო შეკითხვა", - მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს წევრებს.
ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა კოლეგებს შესთავაზეს, რომ კანდიდატ თამარ ზამბახიძესთან გასაუბრება 23 ივლისისთვის გადაედოთ, ვინაიდან სამუშაო დრო ამოწურული იყო. აღნიშნული პოზიცია საბჭოს დანარჩენმა წევრებმა არ გაიზიარეს, რის შემდეგაც დოლიძემ და ჯანეზაშვილმა გასაუბრების პროცედურა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატს უნდა მოუსმინოს. კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო.პროცედურის მიხედვით, კანდიდატებთან გასაუბრება 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც, შედგება 20 კანდიდატისგან შემდგარი სია, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნება.