Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენერალურ პროკურორს პროფესიაში შესაძლებლობების ზღვარიც აინტერესებს


შალვა თადუმაძე
შალვა თადუმაძე

მოსამართლის სტატუსი უმაღლესია - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების დროს.

მოსამართლის თანამდებობის დაკავების მოტოვაციაზე საუბრისას თადუმაძემ თქვა, რომ 18 წელზე მეტია პროფესიაშია და ძირითადად, ეწეოდა საპროცესო იურისტის საქმიანობას.

„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დაცვის ნაწილში როცა ვახორციელებდი ადვოკატის უფლებამოსილებას, ვიყავი წარმატებული ადვოკატი. შემდეგ გავაგრძელე მუშაობა საჯარო სამსახურში საკმაოდ სერიოზულ თანამდებობებზე და იქაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე“ - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

გენერალური პროკურორის თქმით, ყოველთვის სჯეროდა, რომ ადვოკატი უნივერსალური პროფესიაა და შეუძლია იყოს წარმატებული ბრალმდებელი.

„შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ წარმატებული ბრალმდებელი. შესაბამისად, საპროცესო იურისტის ნაწილში ეს ორი კომპონენტი გავიარე და ორივე შემთხვევაში წარმატებას მივაღწიე. მაქვს შესაძლებლობა და მინდა ის უმნიშვნელოვანესი სტატუსი მოვიპოვო, რასაც მოსამართლის სტატუსი ჰქვია. თანამდებობრივი მდგომარეობის და განვლილი კარიერული წინსვლის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ მოსამართლის სტატუსი უმაღლესია, რომელიც საპროცესო იურისტისთვის არის საკმაოდ მიმზიდველი“ - განაცხადა თადუმაძემ.

გენერალური პროკურორის თქმით, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად აქვს ადამიანური მოტივაციაც.

„როგოც ქართველი კლასიკოსი იტყოდა, მაინტერესებს პროფესიაში ჩემი შესაძლებლობების ზღვარი სად მთავრდება. ეს ფაქტორიც არსებობს იმიტომ, რომ არ მახსენდება იურისტი, რომელიც იყო ადვოკატი, პროკურორი და შეუძლია გახდეს შემდეგ მოსამართლე. მე რანგების ნაწილში ვგულისხმობ და არ ვგულისხმობ ბუნებრივია, იმ შემთხვევას, როცა იყო ადვოკატი, როდესაც იყო ჩვეულებრივ პროკურორი და შემდეგ ის გახდა მოსამართლე“ - თქვა შალვა თადუმაძემ.

„რატომ უნდა ამირჩიოთ მე? საპროცესო მიმართულებით 11 წელი ვიმუშავე როგორც დაცვის მხარემ. ერთი წელია ვახორციელებ სახელმწიფო ბრალდების უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობას, მაქვს გამოცდილება ამ მიმართულებით. გარდა ამისა, შუალედში ვახორციელებდი ქვეყანაში და მთავრობაში საკანონმდებლო პროცესის კოორდინაციას, რაც უმნიშვნელოვანესი საქმეა და მიმაჩნია, რომ კვალიფიკაციის ნაწილში ეს შესაძლებლობები გამაჩნია და შესაბამისად, უნარებიც. სასამართლოს არ აღვიქვამ დაწესებულებად, სადაც მოსამართლეები კანონის თანახმად იღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტულ საქმეებზე. სასამართლოს აღვიქვამ როგორც ხელისუფლების შტოს და საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობის, რადგან ორი მოწვევის პარლამენტში ვიყავი მთავრობის სამი შემაგდენლობის წარმომადგენელი და ძალიან კარგად ვიცი ურთთიერთობები აღმასრულებელ და საკანონდებლო ხელისუფლებას შორის. ეს გამოცდილება ძალიან მნიშნელოვანი იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის“ - განაცხადა შალვა თადუმაძემ და დასძინა, რომ გასული წლების საქმიანობის შედეგად ჩამოუყალიბდა მენეჯერის ფუნქციებიც.

ყოფილი ადვოკატი შალვა თადუმაძე საქართველოს გენერალურ პროკურორად 2018 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე, 2012 წლიდან ეკავა ჯერ მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შემდგე კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG