„ამ საქმეზე თუ ვინმეა დასაკითხი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი“, - აცხადებს მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე.
გამოკითხვა შეეხება 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.
„ბიძინა ივანიშვილმა ურცხვად მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ თითქოს 20 ივნისის ღამეს ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე. დიდი ხნის განმავლობაში, ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება მას 20 ივნისის ლაქა. სხვის ბოსტანში ქვის გადაგდებას ჰყავს ეს ყველაფერი. საკუთარ თავს მოსთხოვონ პასუხი იმაზე, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა. მათი მიზანია ოპოზიციის დაშინება და პროტესტის ჩაქრობა, რომელიც არ გამოუვათ. 20-21 ივნისის აქციებისას მე ერთ-ერთი აქტიური პირი ვიყავი“.
20-21 ივნისის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.
20-21 ივნისის მოვლენებზე სასამართლომ უკვე გამოკითხა ნიკა მელია, გიგი უგულავა, გუბაზ სანიკიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხატია დეკანოიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა.