"შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა უპასუხა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ღარიბაშვილთან ურთიერთობაში დავით უსუფაშვილი შუამავლობდა.
“გუშინ დილით დამირეკა ირაკლი ოქრუაშვილმა და მითხრა, ხომ არ ვიყავი წინააღმდეგი, რომ გაესაჯაროვებინა ჩვენი შეხვედრის და გასაუბრების ფაქტი 2014 წელს, იუსტიციის სახლში, ჩემს სამუშაო ოთახში. მე ვუთხარი, რომ მე კონფიდენციალურად და დამალულად არ შევხვედრილვარ მას მაშინ და არანაირი პრობლემა არ მქონდა თვითონ ან ვინმე სხვა თუ ამ თემაზე ისაუბრებდა და მე ცხადია, დავადასტურებდი ამ შეხვედრის ფაქტს. შემდგომ იყო მისი პრესკონფერენცია, რომელზეც მოვისმინეთ არამხოლოდ ამ ფაქტისშესახებ, არამედ მისი თავისუფალი ინტერპრეტაციებიც, ამიტომ მოგახსენებთ ზუსტად, რა მოხდა“ - თქვა დავით უსუფაშვილმა 23 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის განცხადებით, მასსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის არანაირ დეტალზე საუბარი არ ყოფილა, გარდა იმ ფაქტისა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა დანაბარები, რომ სურდა თანამშრომლობა ივანიშვილთან და მზად იყო ჩვენებები მიეცა პროკურატურისთვის მნიშვნელოვან სისხლის სამართლის საქმეებზე.
„მე ამის შესახებ გადავეცი ირაკლი ღარიბაშვილს და ბიძინა ივანიშვილს და შემდეგ ოქრუაშვილს დავუბრუნე მათი პასუხი, ეს იყო ღარიბაშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები, რომ შოთაძე დაუკავშირდება და სისხლის სამართლის საქმეებზე იქ ექნებათ საუბარი, დანარჩენზე მერე ვისაუბროთო. კონკრეტულად ეს მესიჯი გადავეცი ოქრუაშვილს და ამითი ჩემი მონაწილეობა ამ პროცესში ამოიწურა. მას სურდა პოლიტიკური თანამშრომლობა ივანიშვილთან, ადგილობრივი არჩევნები იყო მოახლოებული და ამ კონტექსტშიც სურდა, მაგრამ ეს არ იყო დეტალური და კონკრეტული, ამ თემებზე ჰქონდა მას ივანიშვილთან სასაუბრო“-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით: „სამწუხაროდ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „ბინძური თეთრეულის“ კონტექსტში მოიხსენია ჩემთან შეხვედრა, ჩემი SMS და ჩემი სახელი. აქვე ვაცხადებ, თუ რაიმე სიბინძურეა ამ ქვეყანაზე, სწორედ ესაა, „ბინძური თეთრეულის“ კონტექსტში იმ შეხვედრის მოხსენიება და ჩემი სახელის მოხსენიება. თუკი რაიმე ბინძური ჩაიდინა შოთაძესთან თუ სხვებთან, ამ სიბინძურეებზე ჯობია თავად ილაპარაკოს და ერთად ილაპარაკონ.“
ირაკლი ოქრუაშვილმა 22 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დავალებით, 2014 წელს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მისცა ჩვენება, რის სანაცვლოდაც გორის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილსა და მის შორის მოლაპარაკებების შუამავალი დავით უსუფაშვილი იყო.