Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რკინიგზის გაფიცულმა თანამშრომლებმა გადაკეტილი ლიანდაგი გაათავისუფლეს


ექვსსაათიანი გაფიცვის შემდეგ, 60-მდე მუშამ ბაქო-თბილისი-ყარსის გადაკეტილი რკინიგზა გაათავისუფლა. მატარებელმა, რომელიც შიდა სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებდა, ლიანდაგზე მოძრაობა გააგრძელა. მუშები ამბობენ, რომ დამსაქმებელსა და გაფიცულებს შორის, შეთანხმება შედგა.
„პირველ საათზე დავიწყეთ და შვიდზე დასრულდა გაფიცვა. შეგვპირდნენ, რომ ხელფასების დავალიანებას ხვალ, 24 ივლისს სრულად დაგვიფარავენ. სანამ არ ჩაირიცხება, სამუშაოზე არ გავალთ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გაფიცვის ერთ-ერთი მონაწილე.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გაფიცულმა მუშებმა გზა თურქულ მატარებელს გადაუკეტეს, თუმცა საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, თურქეთ-საქართველოს საექსპორტო ტვირთის მატარებელმა პირველი რეისი დღეს შეასრულა. გაცილების ცერემონია თურქეთის დროით 15.00 საათზე ერზურუმში, პალანდოკენის ლოჯისტიკურ ცენტრში გაიმართა.

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, მატარებელი საქართველოში ჯერ არ შემოსულა, შესაბამისად ტვირთის გადაზიდვას ხელი არ შეშლია.

ახალქალაქში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე დასაქმებული მუშები პროტესტის ნიშნად, ამ თვეში მესამედ გაიფიცნენ. ამჯერად მათ, თურქეთიდან მომავალ მატარებელს პროტესტის ნიშნად გზა გადაუკეტეს და დამსაქმებელ კომპანიას სახელფასო დავალიანების დაფარვა ამ ფორმით მოსთხოვეს. გაფიცული თანამშრომლები კომპანია ,,დემირიოლსერვისს“ სამი თვის დავალიანების დაფარვას თხოვენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა რკინიგზაზე დასაქმებული თანამშრომლები კუთვნილი თანხის მისაღებად პროტესტის რადიკალურ ფორმებს მიმართავენ. პირველად 60–მდე მუშა 3 ივლისს გაიფიცა და მშენებლობა შეაჩერა. მაშინ ამბობდნენ, რომ სამუშაოებს მანამ არ გააგრძელებდნენ,ვიდრე კომპანია შრომის ანაზღაურების დავალიანებას სრულად არ გადაუხდიდა.

„დაახლოებით, 60 მუშა ვართ. ქუჩაში არ ვდგავართ და არ ვჩხუბობთ. სახლში ვართ და აღარ ვაგრძელებთ სამუშაოებს“.

„ვერ მივაღწიეთ შედეგს. ვმუშაობთ თვეებია და ხელფასს რომ მოვითხოვთ, გვეუბნებიან ხვალ იქნება, ზეგ იქნება. ამ ლოდინში თვეები გავიდა“- ამბობენ მუშები.

კომპანიის ხელმძღვანელობის დაპირების შემდეგ, თანამშრომლები სამუშაოზე 5 ივლისს გავიდნენ, თუმცა დაპირების შეუსრულებლობის გამო 10 ივლისს გაფიცვა ისევ გააგრძელეს.

გაფიცულ თანამშრომლებს, მხოლოდ 19 ივლისს ჩაერიცხათ თანხა, ისიც მხოლოდ ერთი თვის ხელფასი.

როგორც გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, თუ კომპანია ამჯერად ანაზღაურებას სრულად არ გასცემს, გეგმავენ, რომ დასახმარებლად იურისტებს მიმართონ: „ხვალ ისევ შევიკრიბებით და ვფიქრობთ, რომ იურისტი დაგვჭირდება. დღეს განგვიცხადეს, რომ ხელფასი ან მომავალი თვის 15 რიცხვამდე იქნება, ან საერთოდ არ იქნებაო“, - აცხადებენ გაფიცულები.

ვითარებას ართულებს ის ფაქტი, რომ თანამშრომლებს კომპანიასთან დოკუმენტურად გაფორმებული ხელშეკრულებები არ აქვთ.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა საქართველოში 180 კმ. მარაბდა-კარწახის ტერიტორიაზე გადის. კურატორ კომპანიაში ამბობენ, რომ სატვირთო გადაზიდვები სატესტო რეჟიმში ხორციელდება. დაგეგმილია 11 სადგურის მშენებლობა. ახალქალაქში ამ ეტაპზე ვაგზლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც დაახლოებით, 50-60 პირია დასაქმებული.

სამუშაოების გენერალური შემკვეთი „აზერბაიჯანის რკინიგზის ფილიალია“. მისი ქვეკონტრაქტორი კი შპს „დემირიოლსერვისი“. „დემირიოლსერვისში“ ამბობენ, რომ რკინიგზაზე სხვა ქვე-კონტრაქტორი კომპანია შემოდის, რამაც სამუშაოების სრულყოფილად შესრულების შეფერხება გამოიწვია.



დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG