Accessibility links

გენერალური პროკურორი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ?


შალვა თადუმაძე

საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე რიგით მეცამეტე აღმოჩნდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრებაზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეკითხვებს იგი 5 საათისა და 5 წუთის განმავლობაში პასუხობდა.

85 კითხვა შალვა თადუმაძეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მთლიანობაში შალვა თადუმაძეს 85 შეკითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა. მათ შორის შეკითხვაზე იმის შესახებ, განიხილავს თუ არა თავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე.

"საინტერესო კითხვაა, მაგრამ ეს არ არის ჩემზე დამოკიდებული", - ასეთი იყო შალვა თადუმაძის პასუხი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის შესაბამის კითხვაზე.

„ვთვლი, რომ მაქვს შესაძლებლობა ჩემი თავი განვიხილო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ თუ, ბუნებრივია, საბჭოს და პარლამენტის გადაწყვეტილება ამ მიმართულებაში ჩემს სურვილებს და აზრებს დაემთხვევა. თუმცა ეს არ არის ჩემი თვითმიზანი, მე მიმაჩნია, რომ უზენაესის მოსამართლეობა ეს არის ის სტატუსი, რომელიც აბსოლუტურად მაკმაყოფილებს იმისთვის, რომ წვლილი შევიტანო ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებაში. თუმცა ჩემს თავს სასამართლოს თავმჯდომარედ განვიხილავ“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შორის მისი გვარის გაჩენას კი პროფესიულ სამოქალაქო წრეებში და დაინტერესებულ საზოგადოებაში იმთავითვე მოჰყვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ შალვა თადუმაძე კონკურსში პრაქტიკულად დავალებით ჩაერთო იმისთვის, რომ შორეულ პერსპექტივაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გამხდარიყო. ექსპერტების შეფასებით, მეორეს მხრივ მისთვის არანაკლებ მომხიბვლელი იქნებოდა უვადო მოსამართლეობის შესაძლებლობაც. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულ გასაუბრებაზე კი პირადად მან გადაწყვეტილება გენერალური პროკურორის თანამდებობის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაში გაცვლის შესახებ კარიერული ზრდის ინტერესების კარნახით ახსნა.

„მაქვს შესაძლებლობა და მინდა ის უმნიშვნელოვანესი სტატუსი მოვიპოვო, რასაც მოსამართლის სტატუსი ჰქვია. მიმაჩნია, რომ მიუხედავად ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობისა, მიუხედავად ჩემი განვლილი პროფესიული კარიერული წინსვლებისა, მიმაჩნია, რომ მოსამართლის სტატუსი არის უმაღლესი სტატუსი, რომელიც საპროცესო იურისტისთვის არის საკმაოდ მიმზიდველი და ამ ნაწილში ჩემი მოტივაცია არის ეს და ბუნებრივია ადამიანური მოტივაციაც -როგორც ქართველი კლასიკოსი იტყოდა, მაინტერესებს პროფესიაში ჩემი შესაძლებლობების ზღვარი სად მთავრდება. ამიტომ ეს ფაქტორიც არსებობს იმიტომ, რომ არ მახსენდება იურისტი, რომელიც იყო ადვოკატი, პროკურორი და შეუძლია გახდეს შემდეგ მოსამართლე. მე რანგების ნაწილში ვგულისხმობ“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ, რომელმაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ინტერვიუზე თავის მიღწევების ნაწილში აღნიშნა ასევე ექვსწლიანი საქმიანობა საჯარო სექტორში, მთავრობაში საკანონმდებლო პროცესის კოორდინაციის მიმართულებით. ასეთ ფონზე შალვა თადუმაძე ასახელებს კიდევ ერთ არგუმენტს, რატომ შეიძლება გასჩენოდა მას მოსამართლეობის სურვილი, ანუ რა შეიცვალა მისი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საქმიანობიდან ერთი წლის თავზე.

„შეიცვალა ის, რომ ეს ფორმატი არსებობს და თავისუფლად, ძალიან საჯაროდ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს ეს პროცესი, გამჭვირვალობის ძალიან მაღალი ხარისხით და ეს შესაძლებლობა მომეცა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ აქაც მიმეღო მონაწილეობა გამომდინარე იქიდან, რომ ეს შესაძლებლობა შეიძლება დარჩენილი ხუთი წლის განმავლობაში და შემდეგაც მე აღარ მომეცეს. ამიტომ აქ თუ პროფესიულ-კარიერულ საკითხზე ვსაუბრობთ, ეს არის ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც 1 წლის თავზე გაჩნდა და ბუნებრივია, მე მივიღე ეს გადაწყვეტილება“ , - ასე უპასუხა შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის შეკითხვას.

არის თუ არა დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში შალვა თადუმაძე?

სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებაზე „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელს სოფო ვერძეულს შალვა თადუმაძე განსაკუთრებულად შემტევი და ზედმეტად თავდაჯერებული მოეჩვენა. ეს გარემოება მას აფიქრებინებს, რომ გენერალური პროკურორი გასაუბრებაზე რიგითი კონკურსანტის სტატუსით არ გასულა. სოფო ვერძეული ფიქრობს, რომ ამ ადამიანის მიმართ არსებობს მაღალი პოლიტიკური ლოიალობა, იგი სანდოა ხელისუფლებისთვის და მის მიმართ მხარდაჭერა მაღალი იყო და არის დღესაც. „არა მგონია ისე მოეღო კონკურსში მონაწილეობა გენერალურ პროკურორს, რომ რაღაცა ტიპის გარანტიები, ემოციურ დონეზე მაინც არ ჰქონოდა, რომ თანამდებობას დაიკავებდა“, - ვარაუდობს სოფო ვერძეული. იგი არ გამორიცხავს, რომ შალვა თადუმაძის მუშაობა გენერალურ პროკურორად იყო ერთგვარი ტრანზიცია იმისთვის, რათა მას საქმიანობა სასურველ პოზიციაზე გაეგრძელებინა. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც გენერალური პროკურორი სამსახურის მაძიებლის როლში სოფო ვერძეულისთვის უცნაურად და უხერხულად გამოიყურება.

ერთი წელი გენერალური პროკურორის პოსტზე

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებაზე შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ მთავარი გამოწვევა, რომელიც პროკურატურაში დახვდა, ნდობის დაბალი ხარისხი იყო. რაც შეეხება პრობლემატიკას, გენერალური პროკურორის თანახმად, მთავარი სირთულე ადგილზე გადაწყვეტილებების მიღების სისტემის არარსებობას უკავშირდებოდა, რისთვისაც

  • დაიწყო დეცენტრალიზაციის რეფორმა
  • ჩამოყალიბდა საზოგადოებასთან ურთიერთობის მკვეთრად განსაზღვრული პოლიტიკა
  • დაიწყო განათლების სტრატეგიის რეფორმა პროკურორების მუდმივი პროფესიული განვითარების მიზნით
  • საქართველოს პროკურატურა გახდა "ევროჯასტის" წევრი.

საქართველოს გენერალური პროკურორი ფიქრობს, რომ ერთი წელი არ არის ის ვადა, რომელიც შედეგების მიღებას უზრუნველყოფს, თუმცა რეფორების კვალდაკვალ ნდობა უწყების მიმართ მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ნაკლებად იზიარებს გენერალური პროკურორის ამ შეფასებას სამოქალაქო სექტორი, რომლის თანახმადაც:

  • გენერალურ პროკურორად მუშაობის ერთი წლის განმავლობაში შალვა თადუმაძე პრაქტიკულად არ არ გამოჩენილა საზოგადოების წინაშე
  • არ ჰქონია კომუნიკაცია მედიასთან
  • ბოლომდე არ მიუყვანია არაფერი იმ ხედვებიდან, რომელიც პროგრამაში ჰქონდა.

ასეთ ფონზე მისი პრეტენზია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობისთვის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს აფიქრებინებს, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა წინასწარ იციან, რა შედეგებით დასრულდება კონკურსი.

კონკურსი კონკურსისთვის თუ კონკურსი საუკეთესოების გამოსავლენად?

„როგორც ჩანს უზენაესი სასამართლოს ახალ შემადგენლობაში

ეკა გიგაური
ეკა გიგაური

იქნებიან ის მოსამართლეები, რომლებიც სასამართლო კლანთან და პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან არიან დაკავშირებულები. ანუ იქნება იმის საფუძველი, რომ ზოგადად ამ კონკურსის მიმდინარეობა პოზიტიურად არ შეფასდეს, ან ყოველ შემთხვევისთვის პრობლემატური საკითხები გამოიკვეთოს აქედან“, - გვითხრა ეკა გიგაურმა. იგი ამბობს, რომ ჯერჯერობით მხოლოდ მსჯელობაა შესაძლებელი იმაზე, რატომ მონაწილეობენ კონკურსში მოქმედი გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე, თუმცა არ გამორიცხავს იმასაც, რომ შალვა თადუმაძის მონაწილეობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის მიმდინარე კონკურსში პირადად ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყოს. „თუ დადასტურდა ის ინფორმაცია, რომ შალვა თადუმაძის კონკურსში მონაწილეობა წინასწარ იყო შეთანხმებული და მას საერთოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის ამზადებენ, ეს კიდევ ერთხელ მიაყენებს ჩრდილს კონკურსის მიმდინარეობას“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

​იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურა 2019 წლის 10 მაისს დაიწყო. 20 ივნისს ჩატარდა ფარული კენჭისყრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ ეტაპზე კანდიდატთა გადაყვანის მიზნით. კენჭისყრის ბიულეტენში შეტანილი იყო 137 კანდიდატი, რომელთაგან შერჩევის შემდეგ ეტაპზე 50 კანდიდატი გადავიდა. 23 ივლისის მონაცემებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება 15-მა კანდიდატმა გაიარა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG