Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვაში ათასობით მოქალაქე ითხოვს მღვდლის დასჯას, ძაღლის მანქანაზე მიბმის და გზაზე გათრევის გამო


მოლდოვაში ათასობით მოქალაქე ითხოვს მღვდლის დასჯას, ძაღლის მანქანაზე მიბმის და გზაზე გათრევის გამო

მოლდოვის ათი ათასობით მოქალაქემ მოაწერა ხელი მღვდლის დასჯის მოთხოვნის შემცველ პეტიციას, მას შემდეგ, რაც სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც, როგორც ჩანს, მღვდელს მანქანის უკანა ნაწილზე ჯაჭვით ჰყავს მიბმული ძაღლი და გზაზე მიათრევს.

მართლმადიდებელი მღვდელი გენადი ვალუტა, რომელსაც ანტი-ლგბტ აქტივიზმით და გამოსვლებით იცნობენ, 22 ივლისს სხვა მძღოლებმა აიძულეს მანქანა გაეჩერებინა და ძაღლი გაეთავისუფლებინა.

ვალუტა დედაქალაქ კიშინიოვიდან 30-მდე კილომეტრის მოშორებით მდებარე სოფელ ანენი-ნოიდანაა. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში მღვდელი ამბობს, ძაღლი ბამპერს იმიტომ მივაბი, რომ მანქანის ინტერიერი არ დამესვარა, თუმცა „სამ კილომეტრზე ნაკლები ძალიან ნელა“ გავიარეო. ფოტოები აჩვენებს ძაღლს, რომელიც უღონოდ წევს სისხლის ლაქებით დასვრილ ასფალტზე.

ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეოს ინტერნეტში გავრცელების შემდეგ 24,000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი ონლაინ-პეტიციას, რომლითაც ხელისუფლებას მიმართავენ ვალუტას დასჯის მოთხოვნით, ცხოველების მიმართ სისასტიკის მუხლით. მოლდოვის კანონმდებლობით, ეს დანაშაული სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პოლიციამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო. ეკლესიის პრესმდივანმა, ეპისკოპოსმა იონ მოსნეგუტუმ 23 ივლისს თქვა, რომ შოკირებულია ვალუტას საქციელით.

ვალუტა, რომელიც ამდენიმე ანტი-ლგბტ აქციის ორგანიზატორია, მიმდინარე წელს 670 ამერიკული დოლარის ოდენობის თანხით დააჯარიმეს და საჯარო ბოდიშის მოხდა დაავალეს მას შემდეგ, რაც კიშინიოვში ქალ ლგბტ აქტივისტს „წმინდა“ წყალი მიასხა.

იანვარში ვალუტამ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია ე.წ. „სელფი“ ფოტოს გამოქვეყნებით, რომელშიც ის მომაკვდავი ქალის გვერდითაა ასახული და იღიმება.

XS
SM
MD
LG