რუსეთის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად მიიჩნია 21 წლის უკრაინელი სტუდენტისთვის, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პავლო გრიბისთვის მისჯილი ექვსწლიანი პატიმრობა.
გრიბი მიმდინარე წლის მარტში სცნეს დამნაშავედ ტერორიზმის ხელშეწყობაში და ექვსი წლით მიუსაჯეს პატიმრობა. ახლა ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. გრიბი დანაშაულს არ აღიარებს და მას ეფესბეს მიერ შეთითხნილად მიიჩნევს.
პატიმრის მამამ, იგორ გრიბმა, მარტში გამოტანილი განაჩენი დაგმო, როგორც "სასიკვდილო ვერდიქტი" მისი შვილისთვის, რომელიც ექიმების დახმარებას საჭიროებს. ჰრიბმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა და ამბობს, რომ პატიმრობაში ყოფნისას მას სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უკრაინელმა სტუდენტმა მისი ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და პარლამენტარებს მიმართა თხოვნით, "ბოლოს და ბოლოს გადაეწყვიტათ" რუსეთის ხელისუფლების მიერ დაპატიმრებული და გასამართლებული უკრაინის მოქალაქეების ბედი.
პაველ გრიბი 2017 წლის აგვისტოში დაიკარგა, მას შემდეგ, რაც ბელორუსიის ტერიტორიაზე გადავიდა. ის გეგმავდა სოციალურ ქსელებში გაცნობილ რუს ახალგაზრდა ქალთან შეხვედრას. მოგვიანებით გრიბი კრასნოდარის საგამოძიებო იზოლატორში იპოვეს. გრიბის ნათესავები და ადვოკატები თვლიან, რომ ის რუსეთის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს. რუსეთის ხელისუფლებამ მას ბრალი დასდო რუსეთის მოქალაქის, ტატიანა ერშოვას ტერორიზმში გადაბირებაში, ქალაქ სოჭში.