რუსეთმა დაიწყო 49-ე და 58-ე არმიების სამხედრო შენაერთების სამეთაურო-საშტაბო სწავლება, რომელსაც სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი დვორნიკოვი ხელმძღვანელობს.
ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, წვრთნაში ჩართულია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები და მე-4 არმიის საავიაციო ქვედანაყოფი.
რუსეთის 49-ე და 58-ე არმიების შენაერთების ნაწილი ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში მდებარე რუსულ სამხედრო ბაზებზეა დისლოცირებული.
სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, სწავლების სცენარით, 58-ე არმიის და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მდებარე რუსული ბაზების ქვედანაყოფთა გაერთიანება წინააღმდეგობას გაუწევს 49-ე არმიის სარდლობას დაქვემდებარებულ ძალებს. გარდა ამისა, ერთიანი ტაქტიკური ჩანაფიქრით, სასწავლო-საბრძოლო ამოცანებს შეასრულებენ სომხეთში დისლოცირებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ქვედანაყოფები.
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური წვრთნებში მონაწილე სამხედროების და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობას არ ასახელებს.
ოლქის მეთაურის, გენერალ დვორნიკოვის განცხადებით, ზაფხულის პერიოდის სწავლების მაქსიმალურად ინტენსიური საბრძოლო მომზადების ეს ეტაპი გადაიზრდება ორმხრივ სამეთაურო-საშტაბო წვრთნის ფაზაში, რომელშიც ჩაერთვება სამხრეთის სამხედრო ოლქის ყველა შენაერთი, მათ შორის შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ფლოტილია. შემაჯამებელი სწავლება სექტემბერში გაიმართება როსტოვის და ვოლგოგრადის ოლქების პოლიგონებზე, ყუბანსა და ანექსირებულ ყირიმში.
საქართველოში 27 ივლისს იწყება მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ნატოს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო. მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.
სწავლება საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აშშ-ის ევროპული სარდლობების ხელმძღვანელობით ჩატარდება და მოიცავს როგორც სამეთაურო-საშტაბო, ასევე საველე წვრთნებს.