Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო სექტორი "რუსთავი 2"-ის გამო საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს


საქართველოში მოქმედმა ოცმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, ყურადღებით დააკვირდნენ მფლობელის შეცვლის შემდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

„ქართულ მედიასივრცეში არსებული მანკიერი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კრიტიკული მაუწყებლის მფლობელისა თუ მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე, რაც პრაქტიკაში ხელისუფლების მიმართ ლოიალურ მიდგომებში გამოიხატება. მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუარესოს საქართველოში არსებული მედიაგარემო და შეზღუდოს მედიაპლურალიზმი” - ნათქვამია მიმართვაში.

20 არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „ოპოზიციასთან აფილირებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გამოირჩევა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი არ მალავდნენ თავიანთ უკმაყოფილებას “რუსთავი 2”-ის მიმართ და გამოხატავდნენ სურვილს მისი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით.“

მიმართვის თანახმად, მიუხედავად ახალი მფლობელის განცხადებისა, რომ არ აპირებს მაუწყებლის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასა და ჟურნალისტებისთვის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტას, კვლავ არსებობს ლეგიტიმური ეჭვები, რომ ეს განცხადებები საფუძველს მოკლებულია.

„ამ ეჭვებს ამყარებს შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოება: გასულ კვირას „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა ტელეკომპანიის ახალ მფლობელს სარედაქციო პოლიტიკისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა შესთავაზეს, რომელიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით, მედიასფეროს ექსპერტებით და მფლობელის მიერ წარდგენილი პირებით დაკომპლექტდებოდა. აღნიშნული საბჭოს მთავარი მიზანი ახალ რეალობაში ჟურნალისტების შრომითი უფლებებისა და სარედაქციო პოლიტიკაში გარე ჩარევებისგან დაცვა იყო. ჟურნალისტების აღნიშნული ინიციატივა ახალმა მფლობელმა არ გაიზიარა და სანაცვლოდ არც ინსტიტუციური დაცვის რაიმე ალტერნატიული მექანიზმი შესთავაზა მათ. აღსანიშნავია ასევე, რომ ახალი მენეჯმენტის განცხადებით, არხზე მძიმე ფინანსური მდგომარეობა დახვდათ. ზუსტად ამის გამო, შესაძლოა წარმოიშვას საფრთხე, რომ მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ეს ფაქტი გამოიყენოს ჟურნალისტებისთვის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის საბაბად, არხიდან გაუშვას არასასურველი ჟურნალისტები და ამ გზით შეიცვალოს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა“ - ნათქვამია მიმართვაში.

ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვენ, განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდნენ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG