ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს განჩინებას, რომლის მიხედვითაც, ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ ქონებას ყადაღა არ დაედო.
ადვოკატ გიორგი ზედელაშვილის თქმით, სასამართლომ განმარტა, რომ განაცხადი ყადაღის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარეს სარჩელთან ერთად უნდა წარედგინა, რაც არასწორია.
„ვასაჩივრებთ სასამართლოს განჩინებას, რომლითაც გვეთქვა უარი ჩვენ მიერ შეტანილ განცხადებაზე, სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის თაობაზე. ანუ სასამართლოს განჩინებით, არ დაედო ყადაღა ქიბარ ხალვაშის და შპს "პანორამას" ქონებას, იმ მიზეზით, რომ სასამართლომ გვითხრა, რომ განცხადება უნდა წარგვედგინა სარჩელთან ერთად. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა კი ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას, რომ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე, წარდგენილი იყოს სარჩელის აღძვრამდეც თუ არსებობს ამის გადაუდებელი აუცილებლობა,” - განაცხადა გიორგი ზედელაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პოლიტიკური მოძრაობის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღების შესახებ.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 19 ივლისს მიმართა.
ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ „რუსთავი 2”-ზე საკუთრების უფლება მას ეკუთვნის და არა ხალვაშს.