Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6,5 % - ზე დატოვა


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 6.5 პროცენტზე დატოვა. ინფორმაციაში, რომლიც ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა, აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა გაგრძელდა, კომიტეტი პოლიტიკის გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს.

„ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4.3 პროცენტი შეადგინა. ამ მაჩვენებელში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი 1.3 პროცენტული პუნქტია და ამ ფაქტორს ინფლაციაზე მხოლოდ დროებითი გავლენა აქვს. აღსანიშნავია, რომ საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს ფასებს, 1.4 პროცენტია, რაც ასევე მიუთითებს, რომ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა დროებითია. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება.

მიუხედავად იმისა, რომ საგარეო შოკის ფონზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა ინფლაციაზე გაზრდილია, საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნულ წნეხს აბალანსებს შესუსტებული ერთობლივი მოთხოვნა, რომელიც პოტენციურ დონეს კვლავ ჩამორჩება. გარდა ამისა, დღეს არსებული ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, სავარაუდოდ, უფრო გაუფასურებულია, ვიდრე ამას მიმდინარე საგარეო შოკის ზომა მიუთითებს. შესაბამისად, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის შესაძლო გამყარება ინფლაციის მაჩვენებელზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. ამგვარად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის უცვლელად დატოვება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა გაგრძელდა, კომიტეტი განიხილავს პოლიტიკის გამკაცრების შესაძლებლობას", - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG