დონბასის რეგიონის მოსახლეობიდან სამ თვეში 7000-მდე ადამიანმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა გამარტივებული სქემით, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით ამოქმედდა.
ამ ცნობას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთში მდებარე როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის განცხადებაზე დაყრდნობით.
გოლუბევის ცნობით, კიდევ 30 ათასამდე ადამიანი ელოდება გადაწყვეტილებას მათთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ.
დონბასი უკრაინის ტერიტორიაა, ხოლო როსტოვის ოლქში მუშაობს დონბასის მცხოვრებთათვის რუსეთის პასპორტების გამცემი ორი ცენტრი.
გოლუბევი როგორც ამბობს, ის ვერ ხედავს პრობლემას რუსეთის პასპორტის მქონე ამ პირების როსტოვის ოლქში დასახლების შემთხვევაში. რეგიონში 47 ათასზე მეტი ვაკანსიაა, რაც ორჯერ აღემატება დარეგისტრირებულ უმუშევართა რიცხვსო, განაცხადა გუბერნატორმა.
24 აპრილს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას უკრაინაში სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისათვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ. ხოლო 17 ივლისს პუტინმა ბრძანებულების მოქმედება განავრცო უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელ ტერიტორიაზე.
უკრაინის მთავრობა უკანონოდ ცნობს ასეთი პროცედურით გაცემულ პასპორტებს. ასეთივე განცხადებებით გამოვიდნენ კანადისა და ევროკავშირის წარმომადგენლები.