შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, დარეგსტრირებული 12 ათასამდე აპლიკანტიდან გამოცდაზე 91%-ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველი მივიდა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი მონაწილეობდა, მათგან გამოცდაზე 95% გამოცხადდა.
უგამოცდოდ ჩაირიცხებიან ის აბიტურიენტები, რომლებმაც რუსეთისგან ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ენგურის ხიდთან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო ვერ შეძლეს დანარჩენ საქართველოში გადმოსვლა და ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობა.საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ინფორმაციით, აბიტურიენტები მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხებიან და მათ განათლებას სახელმწიფო დააფინანსებს, თუმცა ჩარიცხვა გაბათილდება, თუ 2019-2020 სასწავლო წლის მანძილზე სტუდენტი ვერ დააგროვებს 240-დან მინიმუმ 60 კრედიტს.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია და აგვისტოს პირველი რიცხვებიდან გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყება. მათგან პირველი ზოგადი უნარების შედეგები იქნება.
დაფიქსირდა გამოცდიდან მოხსნის რამდენიმე შემთხვევა. ძირითად მიზეზად მობილურითა და დამხმარე მასალით სარგებლობის მცდელობა სახელდება. ორ შემთხვევაში აბიტურიენტის მაგივრად გამოცდაზე სხვა მივიდა.
წელს საქართველოს 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.
- ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა.
- 10 ივლისს მასწავლებლობის მსურველების გამოცდები დაიწყო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდა
- მაგისტრობის მსურველთათვის გამოცდები კი 17 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
არ არის ცნობილი, თუ რა პროფესიებზე იყო წელს ყველაზე დიდი მოთხოვნა, რადგან აბიტურიენტებს ჯერ კიდევ შეუძლიათ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლა.
გარდა ამისა, წელს ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის ან რომელიმე მათგანზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში აბიტურიენტი ინარჩუნებს სახელმწიფო გრანტის მიღების შესაძლებლობას.