Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხაზარაძის ადვოკატი: ეს არის პროკურატურის დაცინვა


„ბრალის დადგენილებას, გარდა სათაურისა, რომელიც ფულის გათეთრებას შეეხება, არაფერი აქვს საერთო ფულის გათეთრებასთან“, - ასეთი კომენტარი გააკეთა პროკურატურიდან გამოსულმა ზვიად კორძაძემ, თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა.

პროკურატურამ მას ბრალის დადგენილება გადასცა, რომელიც თიბისი ბანკის დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს, 24 ივლისს წარედგინა.

„ეს არის პროკურატურის დაცინვა და ძალიან ცუდია, რომ პროკურატურას და იმ კვალიფიციურ გამომძიებლებს, რომელიც პროკურატურას ყავს და ამ საქმეზე მუშაობენ, ამ ფორმით გამოაქვთ დადგენილება. მე სტუდენტებს ვასწავლი და კოდექსი ასე წერია, რომ ფულის გათეთრება არის უკანონო ბრუნვაში მყოფი ფულისთვის ლეგალური სახის მიცემა. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გაათეთრეს თიბისი ბანკის ფული. ეს პირველი, მეორე კურსის პროგრამაა. ეს არის წარმოუდგენელი რამ. მუხლი, რომელიც ბრალდებაში დარჩა, ეს არის ფულის გათეთრება და არავითარი საერთო ამ შემთხვევას ფულის გათეთრებასთან არ აქვს. დანარჩენს კომენტარს, როგორც იურისტი გაგაცნობთ მას შემდეგ, რაც შევისწავლი საქმის მასალებს".

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს მამუკა ხაზარაძესა და მის მოადგილეს ბადრი ჯაფარიძეს, პროკურატურამ ბრალი 24 ივლისს წარუდგინა.

პროკურატურის გადაწყვეტილების თანახმად, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG