Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაატა სალია: ხალვაშისგან ვიცი, რომ მას ერთგვერდიან დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია


„ხალვაშისგან ვიცი, რომ მას ერთგვერდიან დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და არც უნახავს. შესაბამისად, რადგან ხალვაშის ხელმოწერაა იქ, ყალბია. ვენდობი ამ ადამიანს, მჯერა და ლოგიკურადაც არ მოაწერდა არავინ ამგვარ ხელშეკრულებას ხელს“, - აცხადებს პაატა სალია, "რუსთავი 2"-ის ახალი მეპატრონის, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი.

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ქიბარ ხალვაშს კალიგრაფიული ექსპერტიზა ჩაუტარდა.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მტკიცებით, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში, 2010 წელს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ხალვაში „რუსთავი 2“-ის მხოლოდ ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო და შეთანხმებაზე ხელმოწერა ექპერტიზის სამი დასკვნითაა დადასტურებული.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ის რამდენიმე თვეა ითხოვს ქიბარ ხალვაშისგან ექსპერტიზის ბიუროში ხელმოწერის ნიმუშის ჩაბარებას, რათა დადგინდეს ხელმოწერის ნამდვილობა.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და „რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტები, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილი და მისი ინტერესების დამცველები საუბრობენ, გაყალბებულია.

ექსპერტიზის ბიუროში ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე ფურცელზე მოაწერა ხელი, რასაც ირაკლი ოქრუაშვილის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

"ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოში სადაც იხილებოდა ოქრუაშვილის მოთხოვნა, თანხის დაკისრების თაობაზე ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ, წარმოდგენილ იქნა დოკუმენტი, რომლითაც "რუსთავი2"-ის წილებზე პრეტენზიას აცხადებს ბატონი ოქრუაშვილი. ჩემი შუამდგომლობით, ქიბარ ხალვაშთან შეთანხმებით, მოთხოვილი იქნა კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარება იმ დოკუმენტზე, რომელიც წარდგენილი იყო სასამართლოში. სასამართლოს დაახლოებით, 8 თვის წინ მივმართე. ვინაიდან ბატონი ქიბარი საქართველოში არ ცხოვრობს, რამდენჯერმე შეუთანხმებლობის გამო, ვერ მოხდა დროულად აქ მოსვლა. აბსურდულად მიგვაჩნია ის მოთხოვნები, რაც სარჩელში იყო", - აცხადებს პაატა სალია.

პაატა სალიან განმარტებით, სიმართლის დასადასტურებლად რამდენიმე ფაქტი აქვთ:

"არის რამდენიმე ფაქტი, დოკუმენტი და გარემოება. თუ ქიბარ ხალვაშის ხელმოწერას, რომელიც სხვა დოკუმენტზე არის გაკეთებული, შეადარებთ ამ დოკუმენტზე გაკეთებულ ხელმოწერას, ვიზუალურ განსხვავებას ნახავთ. თუმცა, ექსპერტები არ ვართ და ეს საქმე ექსპერტებს მივანდოთ. არსებობს 3 ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის ერთი საფრანგეთშია ჩატარებული, ორი საქართველოში. ექსპერტს ოქრუაშვილმა ერთგვერდიანი დოკუმენტის დედანი წარუდგინა, სადაც 7 მილიონზე და „რუსთავი 2“-ის წილებზეა საუბარი. ასევე წარუდგინა ერთი დოკუმენტი - ხელშეკრულება ეროსი კიწმარიშვილსა და "გლობალ მედიას" შორის, რომლის მეწილეც და დირექტორიც ქიბარ ხალვაში იყო. ეს სხვა გარიგებას ეხებოდა. ქიბარ ხალვაშმა 2010 წლის 4 თებერვალს ბერლინში ხელი მოაწერა ცალმხრივად ამ ხელშეკრულებას. ეს ეგზემპლარები უნდა წაეღოთ პარიზში, სადაც ეროსი კიწმარიშვილი ცხოვრობდა და ხელი მოეწერა. ასეც მოხდა.

დღეს ხელთ გვაქვს გერმანელი ნოტარიუსის წერილი და მისი არქივიდან გადმოგზავნილი დოკუმენტი, სადაც ცალსახად ჩანს, რომ როცა მასთან ქიბარ ხალვაში მივიდა, მხოლოდ ბოლო გვერდზე მოაწერა ხელი. ანალოგიური რამ მოხდა ეროსი კიწმარიშვილთან პარიზში, როცა ბოლო გვერდზე მოაწერა ხელი. გვაქვს ერთი ერთგვერდიანი დოკუმენტი, თითქოს ხალვაშის და ოქრუაშვილის ხელმოწერა და მეორე დოკუმენტი, სადაც ბოლო გვერდებზე ხალვაშის და კიწმარიშვილის ხელმოწერაა. ჩვენთვის გაურკვეველი მანქანებით მოხდა ხელმოწერების გაჩენა ყველა გვერდზე. ეროსი კიწმარიშვილის ხელმოწერა ეტყობა რთული გასაყალბებელი იყო და ინიციალებია დასმული. ქიბარ ხალვაშის ხელმოწერაც განსხვავებულია", - აცხადებს პაატა სალია.

კალიგრაფიულმა ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას, ეკუთვნის თუ არა ქიბარ ხალვაშს 2010 წლის 4 თებერვალს, ბერლინში დადებულ შეთანხმებაზე შესრულებული ხელმოწერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG