Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ბითაძე: თბილისიდან რუსთავამდე მიწისზედა მეტრო მოეწყობა


მაია ბითაძე
მაია ბითაძე

სხვა ქალაქებიდან, მათ შორის რუსთავიდან თბილისში შემოსული სამგზავრო ტრანსპორტის - მაგალითად, მიკროავტობუსების - საბოლოო ადგილები განისაზღვრება და მოხდება მათი „დაერთება“ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, მეტროსთან, შიდასაქალაქო ავტობუსებსა თუ სამარშრუტო ტაქსებთან. ამის შესახებ განუცხადა რადიო თავისუფლებას თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის რეფორმირების კონტექსტში 24 ივლისს დედაქალაქის მერიაში ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ.

„სამარშრუტო სქემები, რომელიც დღეს მოქმედებს, არაადეკვატურია, არ შეესაბამება დღევანდელ გამოწვევებს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისიდან რუსთავამდე მიწისზედა მეტრო მოეწყოს, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისის შიგნით მოწესრიგდება ძალიან მალე, 2021 წლიდან“, - თქვა მაია ბითაძემ.

მისი თქმით, რუსთავიდან წამოსული სამარშრუტო მიკროავტობუსებით თბილისში გადაადგილების მარშრუტები ექვემდებარება კონტროლს და მუდმივად ხდება მათი კორექტირება, თბილისის მერიასა და რუსთავის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობით. მიმდინარე წლის იანვარში, როცა კომპანია „ინტერტრანსმა“ რუსთავიდან თბილისამდე მიკროავტობუსებით მგზავრობის ღირებულების 50 თეთრით გაზრდა მოითხოვა, რუსთავის მერიის ორგანიზებით, მგზავრთნაკადის დადგენის მიზნით, მონიტორინგი ჩატარდა. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ რუსთავიდან თბილისამდე და პირიქით 20-25 ათასი ადამიანი მგზავრობდა.

„თბილისში მგზავრთა ნაკადების შიდა კვლევებისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა რამდენიმე მილიონი დახარჯა. ისე აღარ მოხდება, როცა თვალის ზომით და გემოვნებით ხდებოდა მარშრუტების განსაზღვრა“, - თქვა თბილისის მერის მოადგილემ.

რუსთავიდან თბილისში დაახლოებით 200 მიკროავტობუსი, მინივენი და მსუბუქი ტაქსი მოძრაობს. ამასთან, კომპანია „ინტერტრანსი“ ერთადერთია, რომელიც რუსთავი-თბილისის 11-ვე მარშრუტს განკარგავს. კომპანიას დედაქალაქში ბოლოო გაჩერება 11 ადგილზე აქვს, თუმცა არც ერთ მათგანზე, ისევე როგორც რუსთავში, შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოწყობილი არ აქვს.

რუსთავის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან ელოდება პროექტს და დაფინანსებას 40 ევროსტანდარტის ავტობუსების შესაძენად, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გამოიყენებს საკუთრივ რუსთავის მგზავრთა მომსახურებისა და ასევე თბილისის მიმართულებით სამგზავრო გადაზიდვისთვის.

XS
SM
MD
LG