Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების გამოცდა განაახლა


ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი რაკეტა ისროლა.

სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერს“-ს აცნობა, რომ ქალაქ ვონსანიდან გაშვებულმა ორმა რაკეტამ ზღვაში ჩავარდნამდე 430 კილომეტრის მანძილზე იფრინა.

სამხრეთ კორეის არმიის სამხედროები საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში რჩებიან და ყურადღებით აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას.

ჩრდილოეთ კორეის მოქმედებას სამწუხარო უწოდა იაპონიის თავდაცვის მინისტრმა ტაკეში ივაიამ. მისი განცხადებით, იაპონია სამხრეთ კორეასა და აშშ-თან კოორდინაციით განაგძობს ინფორმაციის მოპოვებას და გაანალიზებას.

იაპონიის მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეიდან ნასროლმა რაკეტებმა იაპონიის ეკონომიკურ ზონამდე ვერ მიაღწიეს.

ფხენიანმა რაკეტის წინა გამოცდა 2019 წლის მაისში ჩაატარა.

2018 წლის ივნისში, სინგაპურში შეხვედრისას ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც ფხენიანმა უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ აიღო ბირთვული შეიარაღების პროგრამის შეწყვეტის ვალდებულება.

კონკრეტულ პირობებზე მხარეები უნდა შეთანხმებულიყვნენ 2019 წლის თებერვალში, ვიეტნამში მოლაპარაკებისას, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

2019 წლის ივნისში დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შეხვდნენ ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის გამყოფ ნეიტრალურ ზონაში. ამ შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ მხარეები ბირთვული შეიარაღების პრობლემაზე მოლაპარაკების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG