Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამართალდამცავები უარს ეუბნებიან მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლაზე


სამართალდამცავები უარს ეუბნებიან მალხაზ მაჩალიკაშვილს კარვის გაშლაზე, რომლის დადგმასაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ერთთვიანი წყვეტის შემდეგ ისევ აპირებდა პარლამენტის წინ.

სამართალდამცავები აცხადებენ, რომ პარლამენტის წინ უახლოეს მომავალში დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება და ტერიტორიაზე კარავი ვერ გაიშლება.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ კარავს მაშინვე აიღებს, როგორც კი რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება:

"მე ამ კარავს მაინც დავდგამ, ყველა გზით. თუ რეაბილიტაცია დაიწყო, დროებით ავიღებ კარავს. 429-ე ღამეა აქ ვდგავარ. მე რომ ეს კარავი აღარ დავდგა, იფიქრებენ, რომ საქმე მორჩა".

ერთი თვის წინ, 20 ივნისის ღამეს, მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენებისას, დემონსტრანტების დაშლასთან ერთად მოირღვა.

კარავი, რომელშიც, შვილმოკლული მამები, ზაზა სარალიძე, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა და მალხაზ მაჩალიკაშვილი, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, შვილების მკვლელობის საქმეების ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, თვეების განმავლობაში ცხოვრობდნენ, პირველად 2018 წლის შემოდგომის მიწურულს გაიშალა.

მაშინ კარვის გაშლის პროცესი რთული აღმოჩნდა. მამებს, რომლებიც პარლამენტის წინ აქციებს 2018 წლის 10 სექტემბრიდან მართავდნენ, აცივებასთან ერთად, ღამის გასათევად თავშესაფარი დასჭირდათ.

ოქტომბრის მიწურულს, წვიმების სეზონზე, როცა ზაზა სარალიძე წვიმისგან დამცავი კონსტრუქციის გაშლას ცდილობდა, ის სამართალდამცავებმა დააკავეს. იმავე საღამოს, 26 ოქტომბერს, შვილმოკლული მამების მხარდასაჭერად, სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის წინ კარვები გაშალეს.

სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან მცირე ზომის კარავი გაშალეს

პარლამენტის წინ კარვების გაშლის მცდელობას არაერთი დაპირისპირება მოჰყვა სამართალდამცავებთან.

კარვის გაშლის უფლების შეზღუდვას აკრიტიკებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი.

კარვების საქმემ მოიარა სასამართლოებიც.

საბოლოოდ, კარავი პარლამენტის წინ შემოდგომის მიწურულს გაიშალა, მაგრამ კარვის გაშლის თავგადასავალი ამით არ დამთავრდა - შვილმოკლულმა მამებმა წინასაახალწლოდ მერიისგან წერილი მიიღეს, რომელიც მათ აუწყებდათ, რომ უნდა შეეცვალა აქციის ჩატარების ადგილი, რადგან პარლამენტთან საახალწლო ნაძვის ხისა და ღონისძიებების მოწყობა იგეგმებოდა.

თუმცა, 2018 წლის დეკემბერში ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე განათდა. შვილმოკლული მამების კარვები პარლამენტის წინ დარჩა. მერიამ კარვებში განათება და ელექტროღუმელები დაამონტაჟა.

ბოლო თვეების განმავლობაში პარლამენტის წინ გაშლილ კარავში ღამეს მხოლოდ მალხაზ მაჩალიკაშვილიღა ათენებდა.

მისი მოთხოვნა უცვლელია, შვილის მკვლელობის ობიექტური გამოძიება.

2017 წლის 26 დეკემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას სპეცრაზმელებმა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს. იმავე დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა, თუმცა ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ და დღემდე მტკიცედ უარყოფენ გარდაცვლილი თემირლანის მშობლები. მათი თქმით, სპეცრაზმელებმა მათ შვილს საწოლში მძინარეს ესროლეს.

იმ დღეს, ანუ 26 დეკემბერს, პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, სუს-მა საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავა. მათ შორის, სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილიც. იმავე დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე ითქვა, რომ „დაკავებული პირები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და წარმოადგენდნენ მათ ხელშემწყობ პირებს“. სუს-ის განცხადებით, ჩატაევი და მისი თანამზრახველები გეგმავდნენ დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმას საქართველოსა და თურქეთში.

XS
SM
MD
LG