ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის აქციები ისევ უფასურდება, თუმცა გუშინდელთან შედარებით, ნაკლები კლება აღინიშნება. 25 ივლისის 17 საათისთვის თიბისის აქციების ფასი 3 პროცენტითაა შემცირებული.
24 ივლისს დღის განმავლობაში თიბისი ბანკის აქციების ფასი დაახლოებით 12 პროცენტით დაეცა, რის შედეგადაც ბანკის აქციონერებმა 130 მილიონი დოლარით იზარალეს. თიბისის აქციების გაუფასურება 24 ივლისის დღის 12 საათის შემდეგ დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტზე წარუდგინა.
სამეთვალყურეო საბჭომ თიბისი ბანკის ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ უფროსი დამოუკიდებელი დირექტორი ნიკოლოზ ენუქიძე დანიშნა.
თიბისი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან იყიდება. საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში თიბისი ბანკის 50 მილიონამდე აქციაა განთავსებული.