გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების წინასწარი შეფასებით, მესტიის მუნიციპალიტეტში 25 ივლისს განვითარებული სტიქია მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორებით იყო გამოწვეული.
სააგენტოს განცხადებით, „უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა, თანდართულმა მყინვარების ინტენსიურმა დნობამ მდინარე მესტიაჭალის ხეობაში, კერძოდ მურყვამისა და ლეხზირის მყინვარებზე გამოიწვია ყინულოვან-მორენული მასის ჩამოშლა, რამაც გადაკეტა ხეობა და წარმოქმნა დროებითი ტბა, რომლის გარღვევის შედეგადაც მდინარის ხეობაში განვითარდა უეცარი წყალმოვარდნა.“
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოვარდნილი ტალღის დონემ მდინარე მესტიაჭალის ჰიდროლოგიურ სადგურზე მოიმატა 70-დან 100 სანტიმეტრამდე, ღვარცოფში გადაიზარდა და სამჯერ განმეორდა. სააგენტოს ცნობით, მესამე ტალღამ, რომელიც 19 საათზე განვითარდა, ინფრასტრუქტურული ობიექტები დააზიანა.
ხეობაში იმყოფება სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც ტერიტორიას სწავლობს და მოამზადებს რეკომენდაციებს დამცავი ზომების მისაღებად.
26 ივლისის დღის პირველი ნახევრის მდგომარეობით, მდინარე მესტიაჭალაში შეინიშნება წყლის დონის კლება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 26 ივლისს სვანეთის რეგიონში შენარჩუნდება დროგამოშვებით მცირე წვიმა და 19 საათიდან გამოიდარებს.