საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ეხმიანება ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ძალაში დარჩა საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილება „რუსთავის 2“-ის მფლობელთან დაკავშირებით.
„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოუწოდებს ტელევიზიის გუნდს სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობისკენ, ხოლო მედიის მფლობელსა და პოლიტიკურ პარტიებს სთხოვს, ნაკლები გავლენა მოახდინონ ტელევიზიაზე.
ორგანიზაციაში თვლიან, რომ მფლობელის ცვლილებამ, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები გამოიწვიოს ტელევიზიაში.
„ამერიკის ხმა“ ესაუბრა იოჰან ბირს, ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამების დირექტორს, რომლის თქმითაც, აუცილებელია, რომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მფლობელი ქიბარ ხალვაში არ უნდა ჩაერიოს სარედაქციო პოლიტიკაში და ამის შესასრულებლად სანდო გარანტიები უნდა წარუდგინოს თანამშრომლებს:
„ჩვენ ბევრს ვერაფერს ვიტყვით „რუსთავი 2“-ის მფლობელობაზე მიმდინარე დავასთან დაკავშირებით, ჩვენი მთავარი საფიქრალია, პოტენციური შედეგები ქართულ მედია პლურალიზმზე. მთელი სერიოზულობით მოვუწოდებთ ქიბარ ხალვაშს, რომ შეასრულოს თავისი დაპირებები. მან უნდა წარმოადგინოს სანდო გარანტიები, რომ ის პატივს სცემს ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობას. მან ასევე, უნდა უზრუნველყოს კომპანიის ეკონომიკური გადარჩენა. რუსთავი2 -ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა იქნება მთავარი დარტყმა სატელევიზიო პლურალიზმზე, რადგან „რუსთავი 2“ არის გამონაკლისი მაშინ, როდესაც პრო-სახელისუფლებო ტელევიზიები ჭარბობენ ბაზარზე“.
იოჰან ბირსის თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში, ბალანსი უნდა იყოს დაცული პრო-სახელისუფლებო და ოპოზიცურ სატელევიზიო არხებს შორის, რათა არსებობდეს პლურალიზმი. გრძელვადიან პერსპექტივაში კი უმნიშვნელოვანესია, რომ ჩატარდეს რეფორმები, რაც შეამცირებს მედია მფლობელებისა და პოლიტიკური პარტიების გავლენას სარედაქციო პოლიტიკაზე საქართველოში.
მისივე განცხადებით, პროცესში სანდო სტრუქტურები უნდა ჩაერთონ, რათა ჟურნალისტები ამგვარი ტიპის ჩარევისგან დაცულები იყვნენ და მათ ჰქონდეთ საშუალება, რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებითა და ეთიკით იმუშაონ.