„ბოლო 4 დღის განმავლობაში შემოწმებული 24 მშენებლობიდან, შრომის პირობების დარღვევის გამო 11 მშენებლობა შეჩერდა“, - აცხადებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე.
მისი თქმით, ჯარიმა თითოეული ობიექტისთვის 30 000 ლარით განისაზღვრა.
„უკვე მეოთხე დღეა ერთობლივი ინსპექტირება დავიწყეთ. 24 მშენებლობა შემოწმდა, რომელთაგან 11 მუნიციპალურმა ინსპექციამ დააჯარიმა და შეაჩერა. დანარჩენებზე გაიცა მითითებები და მათი გადამოწმება კვლავ მოხდება 10 დღის შემდეგ და თუ დარღვევები არ იქნება აღმოფხვრილი, დაჯარიმდებიან. ამ პროცესის მიზანია, რომ მაქსიმალურად მოხდეს პრევენცია, რათა ჩვენ დავიცვათ დასაქმებული სამუშაო ადგილზე", - აცხადებს ბექა ფერაძე.
ამასთან, ბექა ფერაძის თქმით, მიმდინარე წელს, შრომის ინსპექციამ 68 სამშენებლო ობიექტი შეამოწმა და აქედან 50-მდე მათგანს შეუჩერდა სამუშაო პროცესი.
2019 წლის ივლისის მონაცემებით, სამშენებლო ობიექტებზე 13 მუშა დაიღუპა. უკანასკნელი შემთხვევა მოხდა 16 ივლისს, თბილისში. შრომის უსაფრთხოების პირობების დარღვევის გამო, მშენებარე კორპუსის ლიფტის შახტში 16 წლის მოზარდი მუშა ჩავარდა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.