ძლიერი წვიმის გამო მდინარეების ადიდების შედეგად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში დაზიანებულია შიდა საუბნო გზები.
მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ცოტნე შონიამ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ სხვებთან შედარებით უფრო რთული ვითარებაა 10 სოფელში, სადაც გზებთან ერთად დაზიანდა ხიდ-ბოგირები. სოფელ ობუჯაში დაზიანდა წყლის მილიც და 70-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშე დარჩა.
შონიას ინფორმაციით, ზარალის აღრიცხვასთან ერთად მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები. ასეთივე ვითარებაა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტშიც.