Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ხაზარაძე: მილიარდი ლარის ინვესტიციას ბადრის და მამუკას 2 მილიონ ლარში ცვლიან


"თიბისი ბანკის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდნენ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, პროკურატურის განცხადებებმა ქვეყანას მიაყენა 1 მილიარდი ლარის ზარალი და ახლა ამ ზარალს 2 მილიონ ლარში ცვლიან.

„პროკურატურამ მესამედ ჩაატარა ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული ბრიფინგი, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკას დააკარგვინა ისედაც მყოფე საინვესტიციო რეპუტაცია და დააკარგვინა ძალიან მსხვილი ინვესტორები ქართულ კომანიებს, რომლებიც ლონდონის ბირჟაზე არიან, ამ 2 დღის განმავლობაში დაუგდო ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობით“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი სიტყვებით, საქართველოს ეკონომიკამ "პროკურატურის უნიჭო განცხადებით", 2 დღის განმავლობაში, როგორც 6 თვის წინ მიიღო უზარმაზარი ზარალი.

„ჩვენ გავიგეთ პრესიდან, რომ თურმე, მილიონ ლარს გვთხოვენ. ეს არის დღევანდელი მთავრობის და დღევანდელი პოლიტიკის შედეგი, როცა მილიარდი ლარის ინვესტიციას ბადრის და მამუკას 2 მილიონ ლარში ცვლიან. აღარ ვლაპარაკობ ნდობაზე და საერთოდ, იმ გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას აქვს“,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

მისი თქმით, ის და ბადრო ჯაფარიძე კანონმორჩილი ადამიანები არიან და ბიზნესის კეთების დროს კანონი არასოდეს დაურღვევიათ.

„ჩვენ ვართ კანონმორჩილი ადამიანიები, საქართველოს მოქალაქეები, არასდროს კანონი არ დაგვირღვევია. ბოლო 29 წლის განმავლობაში რაც ბიზნესს ვაკეთებთ და შესაბამისად, ამიტომ შევქმენით, ასეთი ძლიერი გუნდი, რომლითაც დღეს ვართ წარმოდგენილი“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ-მილიონ ლარის გირაოს მოითხოვს.

ხაზარაძის და ჯაფარიძის ადვოკატის, ზვიად კორძის თქმით, დაცვის პოზიციაა, რომ გამოყენებული არ უნდა იყოს აღკვეთის ღონისძიების არცერთი ფორმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წაუყენა. პროკურატურის განცხადებით, 2018 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიებისას მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე „გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.“

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და თავისი სიმართლის დამტკიცებას აპირებენ. მამუკა ხაზარაძე, რომელიც "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" თანადამფუძნებელიცაა, აცხადებს, რომ ყველაფერი მიმართულია ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერებისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG