Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით დვალი: 20 ივნისს აქციაზე ვიყავი და გიორგი გახარიას გადადგომას ახლაც ვითხოვ


„გახარიას გადადგომას ვითხოვ დღემდე“, - განაცხადა „რუსთავი 2“ - ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა საქართველოს პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაზე.

„გახარიასთან დაკავშირებით „ფეისბუქზე“ ფოტო მაქვს გამოდებული და მიწერია - გახარია წადი! სამწუხაროდ, ამ წუთას ჩემი ტრიბუნა მხოლოდ ჩემი „ფეისბუქ“ გვერდია. შემიძლია გითხრათ, რომ 20 ივნისს მე იქ ვიყავი და გახარიას გადადგომას ვითხოვ დღემდე. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უნდა გადადგეს“, - აღნიშნა დავით დვალმა და განმარტა ასევე თავისი პოზიცია ხაზარაძე - ჯაფარიძის საქმესთან, ანაკლიის პორტთან და რუსულ გავლენებთან დაკავშირებით:

”აბსოლუტურად არადამაჯერებლად ჟღერს ხელისუფლების პოზიცია, რომ ანაკლიის პორტი აშენდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაბრუნებაც [ბიძინა ივანიშვილის] იყო ზუსტად იმიტომ, რომ ჩაშლილიყო ანაკლიის პორტის მშენებლობა და ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაშლა პირდაპირ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე იყო. მე დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ 20 ივნისის დარბევის სისასტიკე იყო ზუსტად მცდელობა იმისა, რომ რაღაცნაირად თავისი დიდი ბოსისადმი მოსკოვში, კრემლში ეჩვენებინა,რომ გამოსწორდა სიტუაცია და სჯის იმ ხალხს, ვინც რაღაცა რუსეთის საწინააღმდეგო გააკეთა.ჩემი პოზიცია ეგეთია. ამ თემებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა დავით დვალმა დეპუტატ სერგო რატიანის შეკითხვებზე პასუხად.

პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა თქვა, რომ „რადგან ბრძოლაში შედიან“, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რა პოზიცია აქვთ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებზე.

დავით დვალმა სერგო რატიანს "ფეისბუკზე" დამეგობრებაც შესთავაზა იმისთვის, რათა პირადად ნახოს, რა პოზიციებს გამოხატავს ჯერჯერობით ერთადერთ საჯარო ტრიბუნაზე, "ფეისბუკზე".

ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ადვოკატ სოსო ბარათაშვილთან ერთად, პარლამენტში, საჯარო ფორმატში, თითქმის ორსაათნახევრის განმავლობაში პასუხობდნენ შეკითხვებს. შეხვდრას, რომელიც დამოუკიდებელი დეპუტატების ლევან კობერიძის, ლევან გოგიჩაიშვილის, კობა ნარჩემაშვილისა და გედევან ფოფხაძის ინიციატივით იქნა მოწვეული, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან კობერიძის განცხადებით, სურვილის შემთხვევაში, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფი მზად არის, იგივე ფორმატში “რუსთავი 2“-ის ამჟამინდელ მესაკუთრეს, ქიბარ ხალვაშს და ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მოუსმინოს.

XS
SM
MD
LG