Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეჟან ლორთქიფანიძეს დღეს ბრალს წაუყენებენ 


პროკურატურა ბრალს წაუყენებს ბეჟან ლორთქიფანიძეს, რომელიც 25 ივლისს 20-21 ივნისის აქციებთან დაკავშირებით დააკავეს.

მისი მეუღლის ეკა ჯაიანის თქმით, ის იზოლატორში ადვოკატმა ინახულა.

„გულზე სტენტირება აქვს გაკეთებული. ჩვენ გვაწუხებდა ეს საკითხი. ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტება არ ყოფილა“.

ბეჟან ლორთქიფანიძის პროცესი 27 ივლისს საქალაქო სასამართლოში გაიმართება. შსს ცნობით, ბეჟან ლორთქიფანიძე აქციაზე „გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას“.

ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლე ეკა ჯაიანი ამბობს, რომ კადრები, რომელზე დაყრდნობითაც მისი მეუღლე დაიჭირეს, ფრაგმენტულია და საერთო სურათს არ ასახავს.

მისი თქმით, გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ბეჟან ლორთქიფანიძეს 20 ივლისის აქციაზე, ხელში პოლიციელის ფარი უჭირავს არ ჩანს ის, რაც მანამდე მოხდა. „ის ფარს პოლიციელს კი არ ართმევს, არამედ ძირს დაგდებული ფარი აიღო“, - განაცხადა მან. ეკა ჯაიანის თქმით, მისი მეუღლე არააგრესიული ადამიანია: „მისი მდგომარეობიდან გამოყვანა ადვილი არ არის. სავარაუდოდ მან ისეთი რამ დაინახა და საკუთარ თავზეც იწვნია (რეზინის ტყვია მოხვდა შუბლში)... ამის შემდეგ წამოვიდა მისგან აგრესია“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG