ევროკავშირი კრიტიკით გამოეხმაურა 27 ივლისს მოსკოვში 1000-ზე მეტი მომიტინგის დაკავებას, რაც მას სიტყვისა და შეკრების თავისუფლების დარღვევად მიაჩნია.
ბრიუსელი აღნიშნავს, რომ ეს უფლებები გარანტირებულია რუსეთის კონსტიტუციით.
მანამდე უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლმა“ მოითხოვა დაკავებულთა „დაუყოვნებლივ გათავისუფლება" და სამართალდამცველთა ქმედებების სრულად გამოძიება.
27 ივლისის მიტინგის მონაწილეთა მოთხოვნაა მოსკოვის საქალაქო სათათბიროს არჩევნებისათვის დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაცია.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიტინგში მონაწილეობდა 3500-მდე ადამიანი.
დემონსტრანტები მოსკოვის მერიასთან შეკრებას აპირებდნენ, მაგრამ პოლიციამ, სპეცდანიშნულების ძალებმა და რუსეთის გვარდიამ ყველა მისასვლელი დაბლოკეს, ისინი დემონსტრანტებს მიმდებარე ქუჩებისაკენ წასვლას აიძულებდნენ.
ორგანიზაცია OVD-info-ს მონაცემებით, დაკავებულ იქნა 1373 ადამიანი, მათ შორის 42 არასრულწლოვანი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავცრელებს ცნობას 1074 დაკავებულის შესახებ.
აქციის დარბევისას პოლიციელები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მომიტინგეებს. გამოცემა Baza-ს თანახმად, დაშავდა 77 ადამიანი.
ღამე პოლიციის განყოფილებებში გაატარა, სულ ცოტა, 150-მა ადამიანმა, მათ შორის არჩევნებისათვის დაურეგისტრირებელმა დამოუკიდებელმა კანდიდატებმა კონსტანტინ იანკაუსკასმა და ალექსანდრ სოლოვიოვმა.