პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს მიერ ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება.
დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვება უსაფუძვლოა, რადგან არ არსებობს მიმალვის, ან ვინმეზე ზემოქმედების საშიშროება.
„საზოგადოებამ კარგად დაინახა ბოლო დღეების განმავლობაში, რომ ამ საქმეში არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მტკიცებულება არ არსებობს. ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური მძევალია“ - უთხრა ჟურნალისტებს ოქრუაშვილის თანაპარტიელმა, ანა რეხვიაშვილმა. მისივე განცხადებით, უნდა გათავისუფლდეს არა მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილი, არამედ ყველა პოლიტიკური პატიმარი.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, თბილისში დააკავეს. მას ბრალად ედება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მონაწილეობა.
27 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე გირაოს ითხოვდა.