იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ წუთებშიც გრძელდება გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან. 29 ივლისს დაგეგმილი იყო გასაუბრება ორ მათგანთან - მერაბ ლომიძესა და გენადი მაკარიძესთან.
მერაბ ლომიძესთან გასაუბრება, რომელიც საათსა და 49 წუთს გაგრძლდა, უკვე დასრულებულია. მას 92 შეკითხვა დაუსვეს, მათგან 48 იუსტიციის საბჭოს არამოსამრთლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს ეკუთვნოდა.
ნაზი ჯანეზაშვილმა, ლომიძეს, მაგალითად ჰკითხა:
რას ფიქრობთ, მურუსიძე არის თუ არა სასამართლოს ლიდერი, და როგორ აღიქვით თქვენ მისი ეს განცხადება?
მოსამართლეობის კანდიდატის, მერაბ ლომიძის პასუხი ასეთი იყო:
„გააჩნია სიტყვა ლიდერს როგორ გავიგებთ, თუ ჩვენ ვიგულისხმებთ იმას, რომ ბატონი ლევანი არის ასოციაციის თავმჯდოამრე, მანამდე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და ასე შემდეგ, და გარდა ამისა მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ბატონი ლევანი მოსამართლეების ძალიან დიდ უმრავლესობაში პატივისცემით სარგებლობს, გარკვეულწილად ის ამ კუთხით, როგორც ხელმძღვანელი ასოციაციის, საბჭოს ყოფილი წევრი, პატივსაცემი, შეიძლება იყოს ლიდერი. მაგრამ ლიდერობა არ ნიშნავს, ქალბატონო ნაზი, იმას რომ ბატონი ლევანი არის რომელიმე მოსამართლის უფროსი და ა.შ. მოსამართლეს უფროსი არ ჰყავს, მოსამართლე თავის საქმიანობაში ემორჩილება კონსტიტუციას, კანონმდებლობას და სასამართლოში არსებულ წესებს“.
ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი იუსტიციის საბჭოში ისევ დაძაბულ ვითარებაში გრძელდება. მისი თქმით, საბჭოს წევრები ცდილობენ ერთვებიან კითხვა-პასუხის რეჟიმში მაშინ, როდესაც კანდიდატებისთვის არაკომფორტული კითხვები ისმება.
„დიმიტირი გვრიტიშვილი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არალეგიტიმური თავმჯდომარეა, წესრიგის დაცვას ვერ უზრუნველყოფს და საშუალებას აძლევს თუნდაც სერგო მეთოფიშვილს, რევაზ ნადარაიას, თამარ ონიანს, რომ თავისი რეპლიკებით და ისეთი გამოსვლებით, რომელიც პროცესის მიმდინარეობას არ შეესაბამება და ასეთი ტიპის ჩართვები არარელევანტურია გასაუბრებასთან, არ აწყვეტინებს მათ საუბარს“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ წუთებში შეკითვებს გენადი მაკარიძეს უსვამენ.