Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

EMC მოითხოვს მორის მაჩალიკაშვილის პატიმრობის გაუქმებას


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საჩივრით მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვს 2019 წლის 27 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის გაუქმებას.

EMC მიიჩნევს, რომ მორის მაჩალიკაშვილის მიმართ პროკურატურას არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ან საქმის სხვა გარემოებებთან ერთობლიობით მიუთითებდა, რომ ბრალდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საჭიროება არსებობდა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსითა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენს და მისი გამოყენება აუცილებლად უნდა დასტურდებოდეს საქმეში არსებული კონკრეტული, სარწმუნო მტკიცებულებებით, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს რეალურ საფრთხეზე, რომ ბრალდებულის სათანადო ქცევა სხვაგვარად ვერ იქნება უზრუნველყოფილი.

„მოსამართლეს უნდა შეეფასებინა ამ კონკრეტულ საქმეში ამგვარი მტკიცებულებების არსებობა, თუმცა მან მხოლოდ შაბლონურად, ინდივიდუალური დასაბუთების გარეშე მიუთითა მორისი მაჩალიკაშვილის მხრიდან მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეშლის აბსტრაქტულ საფრთხეზე, რაც მოსამართლის განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს“, - წერს EMC.

EMC იმედოვნებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო გაითვალისწინებს საჩივარში მითითებულ არგუმენტებს და მორისი მაჩალიკაშვილის მიმართ გააუქმებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას.

მორის მაჩალიკაშვილის მიმართ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის გამო, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას.

შსს-ის თანახმად, "დადგინდა, რომ 1993 წელს დაბადებული მ.მ., ფიზიკური ძალის გამოყენებით თავს დაესხა სამართალდამცველებს და აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებაში. ხოლო, 1976 წელს დაბადებული გ.ქ., სამართალდამცველებს ურტყამდა რეზინის ღვედს და მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში".

მორის მაჩლიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG