„ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ - ასე გამოეხმაურა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ სოხუმის აეროპორტიდან საერთაშორისო ავიამიმოსვლა შეუძლებელია, რადგან ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სამართალს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ დაუშვებელია საერთაშორისო ავიამიმოსვლა აფხაზეთსა და სხვა ქვეყნებს შორის, დანარჩენი მსოფლიოსგან აფხაზეთის სრული იზოლაციის მორიგი, ჩვეული და სრულიად არასაკვირველი მცდელობაა. არ გამოვა. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ - დაწერა კოვემ ფეისბუკზე.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ გასულ კვირაში მოაწერა ხელი რამდენიმე "დადგენილებას," რომელიც სოხუმის აეროპორტის მუშაობას ეხება.
დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, „არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომს“ მიენიჭა ერთობლივი ბაზირების სტატუსი, რაც ითვალისწინებს აეროდრომზე სამოქალაქო და სახელმწიფო თვითმფრინავების განთავსებას. კიდევ ერთი, ე.წ. დადგენილებით, სოხუმის აეროპორტს მიენიჭა საერთაშორისო ოთხასოიანი კოდი და მას რუსეთის აერონავიგაციის საინფორმაციო კრებულში შეიტანენ.
დე ფაქტო მთავრობაში აცხადებენ, რომ სოხუმის აეროპორტიდან რეგულარული საერთაშორისო ავიარეისები ხელს შეუწყობს ტურიზმის და ეკონომიკური კავშირების განვითარებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და შესაბამის საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საჰაერო სივრცის ერთიანობას. ამ ორგანიზაციის წესდებით, სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე დაკეტილია 1993 წლიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება, რადგან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და საქართველოს კანონმდებლობას.