Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატი ტელევიზიებისგან 20-21 ივნისის კადრებს ითხოვს


20-21 ივნისს პოლიციელებზე ძალადობისთვის დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის დაცვის მხარე აპირებს მოიპოვოს ტელეკამერების მიერ გადაღებული ის კადრები, რომლებშიც ჩანს, რა უძღვოდა წინ ბეჟან ლორთქიფანიძის მიერ პოლიციელისთვის ფარის ფარზე მირტყმას.

ადვოკატ გიორგი გელხაურის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალა კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და არ ასახავს იმას, რამ გამოიწვია ბეჟან ლორთქიფანიძის რეაქცია, რის გამოც დააკავეს.

ვაპირებთ მივმართოთ ყველა ტელევიზიას და ვთხოვოთ ის კადრები, სადაც შესაძლოა ჩანს ბეჟან ლორთქიფანიძე და სადაც შესაძლოა ჩანს იმ იმ სიტუაციის დაწყება იქამდე, სადამდეც მივედით - ანუ ვაპირებთ მივმართოთ ყველა ტელევიზიას და ამისთვის მადლობას მოვუხდით თუ ჩვენთან ითანამშრომლებენ“, - განაცხადა ადვოკატმა. მისი განმარტებით, არ არსებობს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ბეჟან ლორთქიფანიძემ ფარი პოლიციელს წაართვა: „როგორც მოგეხსენებათ, იქ იმ შეხლა-შემოხლაში არაერთი ფარი ეყარა ძირს, არაერთი ეკიპირება ეყარა ძირს - მან აიღო ეს ფარი და გამოიყენა“,- აღნიშნავს ადვოკატი. გიორგი გელხაური აქვე აზუსტებს, რომ ბეჟან ლორთქიფანიძემ აღნიშნული ფარით ტყვიების წვიმაში არაერთი ადამიანი დაიფარა და თავისი თავიც გადაირჩინა დამატებითი დაზიანებისგან.

გიორგი გელხაურის თქმით, ბეჟან ლორთქიფანიძის დაცვის მხარის მიზანია, სამართლებრივ ჭრილში არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს. „სიმართლე რომ გითხრათ, ნაკლებად გვაქვს იმის ილუზია და განცდა, რომ სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას შეცვლის, თუმცა ჩვენ ამას მაინც ვაკეთებთ, რომ ეს ინსტანციები უნდა გავიაროთ და დარწმუნებული ვარ საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლო აუცილებლად იმსჯელებს ამ ქეისზე და აუცილებლად დაადგენს იმ დარღვევებს, რომელიც დღეს ხელისუფლებამ ჩაიდინა“, - აღნიშნა ადვოკატმა პრესკონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდა ბრალდებული ბეჟან ლორთქიფანიძის მეუღლეც.

20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების ფარგლებში ბრალდებულ ბეჟან ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეეფარდა.

სახეობათა კონსერვაციის ცენტრ „ნაკრესის“ მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე, რომელმაც 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობისას, ზოოპარკიდან გამოქცეული „ბეგი“ დააძინა, შსს-მ 25 ივლისს დააკავა. უწყების ცნობით, ბეჟან ლორთქიფანიძე აქციაზე „გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას“. მის მიმართ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის გამო, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG