საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად საგარეო შოკს ასახელებს.
„დღეს საქართველო გადის საგარეო შოკს. ტურისტული შემოდინებების მოსალოდნელი რაოდენობა არის შემცირებული და ეს ფაქტიური რიცხვებითაც დასტურდება ამ ეტაპზე, რომ საქართველოში შემოვიდა იმაზე უფრო ნაკლები ტურისტი, ვიდრე სხვა შემთხვევაში შემოვიდოდა. ეს რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს გაცვლით კურსზე. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მტკივნეული პროცესი. აბსოლუტურად მესმის ყველასი, ვინც ამის გავლენას განიცდის“ - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სავაჭრო პარტნიორების გაცვლით კურსებსაც, იმაზე უფრო მეტად გაუფასურებულია, ვიდრე დღეს არსებული საგარეო შოკის ზომაა.
კობა გვენეტაძის თქმით, პატარა ზომის ღია ეკონომიკისთვის შოკი ყოველთვის მოსალოდნელია და მისი შედეგების შესამცირებლად ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა დედოლარიზაცია.
„თუ შემოსავალი არის ეროვნულ ვალუტაში, სესხები აღებული უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში. ეს არის ყველაზე კარგი პრევენცია, რომ ყველაზე ნაკლები დანაკარგებით მოხდეს გადატანა ასეთი სიტუაციის. საქართველომ ერთხელ უკვე გაიარა ასეთი პერიოდი, ეს იყო 2014-2016 წლები. ამ პერიოდშიც კი საქართველოში იყო ზრდა და უმუშევრობა ქვეყანაში არ გაზრდილა“- აცხადებს კობა გვენეტაძე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და თუ კურსის განვითარება დაიწყებს ზეგავლენას ინფლაციაზე, ბანკი მის ხელთ არსებულ საშუალებებს გამოიყენებს.