Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გარეჯის თემაზე ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტების შეხვედრა აგვისტოში გაიმართება


ლაშა დარსალია
ლაშა დარსალია

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან არსებული სასაზღვრო პრობლემის განსახილველად, ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები ერთმანეთს აგვისტოში შეხვდებიან.

„მოგეხსენებათ, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, 23-24 მაისს, ბაქოში საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიების პირველი შეხვედრა გაიმართა და განისაზღვრა, რომ კომისიის ექსპერტები ჩაატარებდნენ გარკვეულ სამუშაოებს ადგილზე. აღნიშნულ პერიოდში მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა აზერბაიჯანულ მხარესთან ტექნიკური და საორგანიზაციო დეტალების დაზუსტების მიზნით. 19-23 აგვისტოს დაგეგმილია ექსპერტების პირველი შეხვედრა“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, რომელიც სახელმწიფო კომისიის თანათავმჯდომარეა.

ლაშა დარსალიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის საკითხებზე მსჯელობა მიმდინარეობდეს სწორედ კომისიის ფორმატში და ყველა შინაარსობრივი, საორგანიზაციო და ტექნიკური საკითხი წყდებოდეს ორმხრივი კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში.

„რაც შეეხება დავით გარეჯში დღეს არსებულ ვითარებას, როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 14 ივლისს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის მონაკვეთზე ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მოსახლეობისა და აზერბაიჯანელი მესაზღვრეების დაპირისპირებას. დაძაბულობის დეესკალაცია და ნეიტრალიზაცია მოხდა ორივე ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების ერთობლივი და მყისიერი ქმედებების შედეგად. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ გაზარდა მესაზღვრეების რაოდენობა მოცემულ მონაკვეთზე და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსა ლოგისტიკური უზრუნველყოფისათვის საჭირო დროებითი ინფრასტრუქტურა” - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საზღვრის ამ მონაკვეთზე გაიზარდა ქართველი მესაზღვრეების რაოდენობაც და ამასთან, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და შემდგომი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად დროებით შეიზღუდა მრევლისა და ტურისტების გადაადგილება..ლაშა დარსალიას განმარტებით, ამ ადგილზე მიმოსვლა გარკვეული შეზღუდვებით ხორციელდებოდა მანამდეც, თუმცა, 14 ივლისს განვითარებული მოვლენების შედეგად ვითარება გართულდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო უწყებებს შორის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ვითარების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების მიზნით.

ლაშა დარსალიას განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობები აქტიურად თანამშრომლობენ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუშვებლად მიიჩნევს ამ პროცესების პარალელურად ვითარების ხელოვნურად დაძაბვას და აცხადებს, რომ ინციდენტები აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობას. სამინისტრო საზოგადოებას და სამოქალაქო ჯგუფებს მოუწოდებს, რომ ორმხრივ კომისიას მისცენ ნორმალურ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რათა შესაძლებელი იყოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულება კეთილმეზობლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების შესაბამისად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG