Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დვალი და აქიმიძე ხალვაშს ხვდებიან


„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს ხვდებიან. როგორც დავით დვალმა შეხვედრის დაწყების წინ განუცხადა ჟურნალისტებს, მათი მხრიდან საბოლოო გადაწყვეტილება დღეს არ იქნება მიღებული.

„ძალიან გამიძნელდება რაიმე პროგნოზის გაკეთება. ჩვენ დღეს უბრალოდ მოვისმენთ და მინდა, წინასწარ შეგამზადოთ, რომ დღეს ჩვენ ალბათ არანაირ პასუხს არ ვიტყვით. დღეს ჩვენ მხოლოდ მოვისმენთ და განვიხილავთ. დღეს ჩვენ ქიბარის წინადადება უნდა მოვისმინოთ... ის, რასაც მოვისმენთ, გახმოვანდება და ჩვენი პასუხიც იქნება მოგვიანებით“, - განაცხადა ჟურნალისტებთან დავით დვალმა.

ჯარჯი აქიმიძის თქმით, მათ არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ თავად ქიბარ ხალვაშთან და შეხვედრასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას შუამავლობით.

„ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა პაატა სალიასთან, რომელიც აზუსტებდა დეტალებს და ათანხმებდა შეხვედრის ადგილსა და ასე შემდეგ... ასე რომ, ჩვენ ქიბარ ხალვაშთან არანაირი საუბარი არ გვქონია ამ დრომდე“, - განაცხადა ჯარჯი აქიმიძემ.

ქიბარ ხალვაშთან დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის შეხვედრა ბოლო დღეებში რამდენჯერმე დაანონსდა, თუმცა შემდეგ არ შედგა.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე წლის წინ საჯაროდ გაახმოვანა დაპირება, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული საქმის მოგების შემთხვევაში, ტელევიზიის დირექტორობას დავით დვალს შესთავაზებდა და ამასთან, დვალსა და აქიმიძეს ტელეკომპანიის წილის 50%-საც დაუთმობდა.

მას შემდეგ, რაც 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი და საქართველოში აღსრულდა უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის მფლობელად ქიბარ ხალვაშის აღიარების შესახებ, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ განაცხადეს, რომ სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა მათ დაუბრუნდებათ ძალით წართმეული "რუსთავი 2".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG