Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხალვაშმა დვალსა და აქიმიძეს "რუსთავი 2"-ის 40% შესთავაზა


„რუსთავი 2“-ის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა ტელეკომპანიის ყოფილ დამფუძნელებს, დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს. ხალვაშის ინფორმაციით, დვალმა და აქიმიძემ უარი განაცხადეს.

„მე შევთავაზე, რომ ყოფილიყვნენ პარტნიორები, შევთავაზე 40%, რაზეც ბედნიერება ვერ შევატყვე, მაგრამ არც ის არის, რომ ხვალ შეიძლება რაღაც საუბარი არ გაგრძელდეს. თვითონაც წინადადება მითხრეს რაღაც, რაც საფიქრალია ჩემი მხრიდან... კონკრეტულად არაფერს არ ვიტყვი... ამ კონკრეტიკას აუცილებლად კონკრეტული შედეგი უნდა მოჰყვეს, ამიტომ ფიქრის საშუალებას ზღუდავს“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

ჟურნალისტების შეკითხვას - რატომ შეცვალა მან ძველი დაპირება 50%-იანი წილის გადაცემასთან დაკავშირებით, ქიბარ ხალვაშმა პირდაპირ არ უპასუხა. ერთ ეპიზოდში მან განაცხადა, რომ „სხვადასხვა დროს სხვადასხვა შეთანხმება იყო“, ხოლო შემდეგ განმარტა, რომ ვალდებული არ არის ქონება ვინმეს აჩუქოს.

„რატომ თვლით, რომ თუ რამე მატერიალური ქონებაა, მე ჩემი ქონება უნდა გადავანაწილო და ვიღაცას ვაჩუქო“, - განაცხადა ხალვაშმა.

მან ასევე თქვა, რომ ყოფილი დამფუძნებლებისთვის 50%-იანი წილის შეთავაზების შემთხვევაშიც ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დარჩებოდა.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს 30 ივლისს შეხვდნენ. ბოლო დღეებში შეხვედრა რამდენჯერმე დაანონსდა, მაგრამ არ შედგა.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რამდენიმე წლის წინ საჯაროდ გაახმოვანა დაპირება, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული საქმის მოგების შემთხვევაში, ტელევიზიის დირექტორობას დავით დვალს შესთავაზებდა და ამასთან, დვალსა და აქიმიძეს ტელეკომპანიის წილის 50%-საც დაუთმობდა.

მას შემდეგ, რაც 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი და საქართველოში აღსრულდა უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის მფლობელად ქიბარ ხალვაშის აღიარების შესახებ, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ განაცხადეს, რომ სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა მათ დაუბრუნდებათ ძალით წართმეული "რუსთავი 2".

XS
SM
MD
LG