კერძო მულტიპლექს ოპერატორი "სტერეო +" მაუწყებლობას არ შეუწყვეტს ტელეკომპანიებს "რუსთავი 2"-ს, "პირველს" და "ერთსულოვნებას."
"სტერეო +"-ის განცხადების თანახმად, რომელიც სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა, „რუსთავი 2“-მა და მოგვიანებით, „ტვ პირველმა” ოპერატორის ანგარიშზე ჩარიცხეს 2-2 თვის დავალიანების თანხა, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ კი გათიშვის გადავადება ითხოვა.
„ამის საფუძველზე, სტერეო +-ის მმართველობა მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ამოწურულია და ამ ეტაპზე, არც ერთ მაუწყებელს გათიშვის საფრთხე აღარ ემუქრება. იმედს ვიტოვებთ კეთილპარტნიორული ურთიერთობისა" - ნათქვამია სტერეო +-ის განცხადებაში.
„სტერეო +“-მა სამი ტელეკომპანია 31 ივლისს გააფრთხილა, რომ თუ დავალიანებას არ დაფარავდნენ, 1 აგვისტოდან შეუწყვეტდა ეროვნულ მაუწყებლობას.
კერძო მულტიპლექს ოპერატორი "სტერეო +" ციფრულ მაუწყებლობას საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს.