„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მან შეტყობინება უკვე მიიღო. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, გვარამიამ პროკურატურაში მისვლაზე უარი თქვა და გამოკითხვის შესაძლებლობას ის მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ხედავს.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას გამოკითხვა იგეგმება იმ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც “სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის“ საქმეს შეეხება.
1 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკვე არსებობს სასამართლოს განჩინებები „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის - „ინტერ მედიიდან“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.
„ნინო ნიჟარაძის მიერ ჩემ წინააღმდეგ შეტანილ ბუნებაში არარსებულ ფაქტებზე საქმე აღუძრავთ და ამ ეტაპზე მოწმის სახით მიბარებენ. სამი მუხლითაა საქმე აღძრული: 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ და მე-3 ნაწილის გ (დიდი ოდენობით მითვისება ან გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა და ბ (დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 220-ე მუხლი (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება)“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ ფეისბუკში.
„როგორც დიქტატურის პირობებში მოსალოდნელიც იყო, არათუ რ2ში არ შეიძლებოდა ჩემი დარჩენა და თავისუფალი და კრიტიკული სიტყვის სადარაჯოზე დგომა, იქედან წამოსვლა და რ2ის წარსულში დატოვება, მაგრამ ახალი კრიტიკული ტელევიზიის გაკეთებაც არ შეიძლება. და საერთოდ, ჩემი არსებობა ამ ქვეყანაში უკვე, ზოგადად, არ შეიძლება, როგორც ჩანს.
მეგობრებო, განსაკუთრებით დასავლელების საყურადღებოდ, საერთოდ რამის გაკეთება რომ შეუძლებელია უკვე ამ ქვეყანაში, რა შეფასება უნდა მიეცეს ამას? და დიქტატურა სხვა რაღაა, თუ არადა ეს?“, - წერს ნიკა გვარამია ფეისბუკში.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა, იმ ხანად ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჩივარი 16 ივლისს შეიტანა.