ქიბარ ხალვაშმა გამოიჩინა კეთილი ნება, როცა „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს ტელეკომპანიის 40% შესთავაზა; ის არ არის ვალდებული, რომ თავისი საკუთრებიდან უფრო დიდი წილი აჩუქოს ვინმეს; თუ არ არიან თანახმა, შეუძლიათ გააგრძელონ სამართლებრივი დავა - ამ შინაარსის კომენტარებით გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის უარს ქიბარ ხალვაშისგან 40%-იან წილის მიღებასთან დაკავშირებით.
„ქიბარ ხალვაშმა, რომელიც სამართლებრივად, ყოველგვარი პროცედურის დაცვით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დარეგისტრირდა მესაკუთრედ, გამოიჩინა კეთილი ნება. ქიბარ ხალვაშს არა აქვს არანაირი ვალდებულება, რომ თუნდაც ერთი პროცენტი დაუთმოს ვინმეს და ეს ძალიან კარგად იციან მათ (დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ)... საუბარი იმაზე - რატომ უფრო მეტს არ მჩუქნი შენი კეთილი ნებით, მე მგონი, არასწორია... ქიბარ ხალვაშს არ დაუშლია არც ჯარჯისთვის და არც დათოსთვის, რომ სამართლებრივი გზებით განეხორციელებინათ თავიანთი უფლებების დაცვა“, - განაცხადა პაატა სალიამ.
სალიას თქმით, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძისთვის შეთავაზებულ 40%-იან წილს თავისი ფინანსური ვალდებულებებიც მოჰყვებოდა და, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც მხოლოდ მათი მისაღები იყო.
„როდესაც მესაკუთრისგან იღებ საჩუქრად წილს კომპანიაში, ამ წილს მოჰყვება ასევე (ფინანსური) ვალდებულებები... იცით, კომპანია რა მდგომარეობაშიც არის, გარკვეული თანხებია მოსაზიდი და ასე შემდეგ... როდესაც კომპანიას აქვს ფინანსური ვალდებულებები, როგორც წესი, პარტნიორები მიმართავენ დამატებით ძალისხმევას - ან ავსებენ საწესდებო კაპიტალს, ან მოაქვთ სესხი და მონაწილეობენ კომპანიის გაჯანსაღებაში“,- განაცხადა სალიამ.
„რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ 1 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე უარი განაცხადეს ტელეკომპანიის ამჟამინდელი მფლობელის შეთავაზებაზე - „რუსთავი 2“-ის 40%-იან წილზე.